რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 3 062 793 ლარით 10 პროექტი დაფინანსდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, უმეტესად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში დაგეგმილია გზის ბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც რეგფონდიდან 223,422 ლარით დაფინანსდება, ხოლო სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 334,480 ლარი გამოიყოფა.
მსგავსი სამუშაო ასევე ჩატარდება და გზის რეაბილიტაცია განხორციელდება წყალტუბოში, მესხის, დედაენის ქ. მე-4 შესახვევსა და ნინოშვილის ქ. 1 შესახვევში, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 222,322 ლარია გამოყოფილი.
ამავე ქალაქში 9 აპრილის ქ. №7; № 9; №11; №13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება ბეტონის საფარით, რისთვისაც რეგფონდიდან 130,140 ლარია გათვალისწინებული. ასევე, წყალტუბოში, 26 მაისის, წითლანაძის, შანიძის, დედაენის და ტაბიძის ქუჩების გზის სავალ ნაწილზე გამყოფი გაზონების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობაა დაგეგმილი, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 286,236 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება.
კერძოდ, დაგეგმილია ქვიტირისა და მუხიანის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 679,134 ლარით დაფინანსდება, ხოლო ანალოგიური სამუშაო სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში 169,431 ლარით დაფინანსდება.
მსგავსი პროექტი, ასევე, განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში კობახიძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე (წმ. გიორგის ეკლესიამდე), რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 285,813 ლარია გამოყოფილი. სოფელ გუბისწყალში (გორიკის უბანი) კი ანალოგიური პროექტისთვის 339,028 ლარია გათვალისწინებული.