თბილისის საკრებულოში დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომის მთავარი თემა ვარკეთილის მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
სხდომაზე ნაციონალები თბილისის მერიის წარმომადგენლების, მერისა და პასუხისმგებელი პირების მისვლას მოითხოვენ.
5 თებერვალს ვარკეთილის მეტროს შესახებ დისკუსიაზე საკრებულოში მერიის წარმომადგენლები ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ” მიიწვია, თუმცა არ მივიდნენ.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.