ახმეტის საკრებულოს ოპოზიცია ქართულ ოცნებაში ფრაქციების შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს

724

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია “ქართული ოცნების” ორი ფრაქციის შექმნას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციების კანონდარღვევით დარეგისტრირებაზე მიუთითებს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი შაქრო ტერტერაშვილი განმარტავს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნით საკრებულომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლი დაარღვია.

“2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მონაწილეობდა, როგორც ცალკე პარტია. ყველა, რომელიც საკრებულოში შევიდა, ან იყო პარტია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებული ან მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი უპარტიო წევრი. კანონის მიხედვით, ერთი პარტიის წევრები უნდა გაწევრიანდნენ მხოლოდ ერთ ფრაქციაში. პარტიის მიერ წარდგენილ უპარტიო წევრებს კი აქვთ უფლება გაერთიანდნენ მხოლოდ იმ ფრაქციაში, რომელიც ამ პარტიის წევრებმა შექმნეს. შესაბამისად მისი წევრები უნდა გაერთიანებულიყვნენ ერთ ფრაქციაში და არა სამში. ახმეტის გარდა, ეს მდგომარეობაა არა მარტო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს შაქტრო ტერტერაშვილმა.

ახმეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ლევან ითიურძე ამბობს, რომ წარმომაგენლობითმა ორგანომ აღნიშნული ორი ფრაქცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად დაარეგისტრირა.

“ფრაქცია “ქართული ოცნება კონსერვატორებისა” და “ქართული ოცნება მრეწველების” წევრები არ არიან პარტია „ქართული ოცნების“ წევრები. ისინი საკრებულოში შევიდნენ „ქართული ოცნების“ წარდგინებით. ისინი შედიან საკრებულოს უმრავლესობაში, მაგრამ არიან უპარტიო წევრები. მათ საკრებულოს იურიდიულ კომისიაში წარმოადგინეს ფრაქციის შექმნის შესაბამისი პლატფორმა. კომისიამ ფრაქციების დარეგისტრირებაზე იმსჯელა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული ორი ფრაქციის დარეგისტრირება იყო კანონთან შესაბამისობაში”,  აცხადებს  ლევან ითიურიძე.

გასული წლის 31 დეკემბერს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, ადგილობრივ საკრებულოებში ფრაქციებს, რომლებშიც, სულ მცირე, 5 წევრია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატი დაემატათ. ასევე, დაწესდა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობის ზედა ზღვარი – ის უნდა იყოს ერთ საკრებულოში არაუმეტეს ოთხისა.