ავტორი მაკა კვარაცხელია
საკვლევი თემა მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ისტორიას 1917 წლის მარტიდან 1921 წლის თებერვლამდე. 1917 წლის მარტიდან საქართველოში დაიწყო თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესი, რაც უკავშირდებოდა რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ თვითმმართველობათა უფლებამოსილების გაფართოების კუთხით გატარებულ საკანონმდებლო ღონისძიებებს (1917 წლის 15 აპრილს „ქალაქის სათათბიროს ხმოსანთა არჩევნების დროებითი წესები“; 1917 წლის 9 ივნისს დამტკიცებულ ნორმატიული დოკუმენტი „ქალაქის საზოგადოებრივი მმართველობის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“). დროებითი წესები და ახალი დებულება ვრცელდებოდა ყველა იმ ქალაქში, სადაც მოქმედებდა 1892 წლის დებულება, მათ შორის თბილისში.
არჩევნების დროებითი წესები გამოირჩეოდა დემოკრატიულობით და განიხილებოდა როგორც რევოლუციის ერთ-ერთი მონაპოვარი. მასში პირველად განხორციელდა საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრის პრინციპი. 1917 წლის 30 ივნისს არჩეული თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა, მართალია, დემოკრატიული ძალებით დაკომპლექტდა, მაგრამ ხმების უმრავლესობა მაინც ბურჟუაზიას დარჩა. დიდი პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მიუხედავად ქალაქის სათათბირო პირველ ეტაპზე მაინც
ახერხებდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებას, მაგრამ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წლის 26 მაისი) ხმოსანთა შორის ურთიერთშუღლი იმდენად დიდი იყო, რომ სხდომები ფაქტიურად პარალიზებული გახდა.
1919 წლის 2 თებერვლის არჩევნებისთვის მზადება თბილისმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული „ქალაქთა საბჭოების ხმოსანთა არჩევნების დებულების“ საფუძველზე დაიწყო. რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საქართველოს ორგანიზაციის წევრების და
სომეხი დაშნაკების მტრობის და ბოიკოტის ფონზე წინასაარჩევნო პროცესმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ყველაფრის მიუხედავად არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად, წინააღმდეგობების მიუხედავად მოსახლეობა აქტიური იყო, არჩევნებს არ მიეცა ეროვნული კუთხით ბოიკოტის სახე.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა და მთავრობამ თავიდანვე დიდი ყურადღება მიაქცია სახელმწიფო სტრუქტურების გაუმჯობესებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლება-კომპეტენციის მიზანმიმართულ გამიჯვნას. იმის მიუხედავად, რომ 1919 წელს უკვე მზად იყო
საქალაქო დებულების პროექტი, ხოლო 1920 წელს კანონპროექტი ქალაქთა საბიუჯეტო უფლების შესახებ, აღნიშნული კანონპროექტების დამტკიცება გადაიდო რიგი შენიშვნების ფონზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ვერ მოასწრო მოეწესრიგებინა ქალაქთა საკანონმდებლო ბაზა. ამასთანავე
კანონშემოქმედთა მთელი ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის შედგენისაკენ. მითუმეტეს თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები 1921 წლის კონსტიტუციით მოწესრიგდა კონსტიტუციითვე (უზენაესი აქტით) და არა მიმდინარე
კანონმდებლობით.
ჩვენი საკვლევი თემა აგრეთვე მოიცავს თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკულ საქმიანობას 1917 -1921 წწ. კერძოდ, სასურსათო კრიზისის დაძლევის, სოციალური ფონის გაუმჯობესების, საბინაო და კომუნალური მეურნეობის განვითარების, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სახალხო განათლების განვითარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს. თბილისის თვითმმართველობას ფინანსური კრიზისის ფონზე ძალიან უჭირდა სხვადასხვა სფეროში გაფართოებული უფლებამოსილების შესრულება. ქალაქის ბიუჯეტის გასავალი 1917- 1921 წლებში ყოველთვის აჭარბებდა
შემოსავალს. მუდმივად დეფიციტური ბიუჯეტი შესაბამისად აისახა საქალაქო მეურნეობის ყველა სფეროზე.
1921 წლის არჩევნები 27 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო. განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის 1921 წლის 12 თებერვლის დადგენილებით არჩევნები გადადო… სამწუხაროდ, 1917-1921 წლებში დაწყებულმა ადგილობრივი თვითმმართველობების სისტემის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის პროცესმა ვერ ჰპოვა ლოგიკური გაგრძელება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ, 1921 წლიდან, თბილისის თვითმმართველობა საერთოდ გაუქმდა. მისი ადგილი თბილისის რევოლუციურმა კომიტეტმა (რევკომმა) დაიკავა.