ბოლნისური ქვევრის ღვინის დაგემოვნებამ ამერიკელ ღვინის მაგისტრს ქართულ ღვინოზე წიგნის დაწერა შთააგონა

927

ამერიკელი ღვინის მაგისტრი, ლიზა გრანიკი ბოლნისს ეწვია და ის საოჯახო მარანი მოინახულა, სადაც ქვევრის ღვინოს დაყენება ხდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

“თქვენი ღვინოების წარმატების ფესვები ამ ჭიქაშია“, -ასე შეაფასა ლიზა გრანიკმა ბოლნისში დაყენებული ღვინო.

ცნობილი მაგისტრი  ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხი სულ უფრო და უფრო იხვეწება და უმჯობესდება.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამერიკელი მაგისტრი ბოლნისზე ინფორმაციას მხოლოდ გადმოცემით ფლობდა, აქ ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

“მე მინდა, დავწერო წიგნი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას, სადაც ღვინის კულტურაა, აქვს წიგნი, სადაც მოთხრობილია ღვინის წარმოებისა და ტრადიციების შესახებ. საქართველოს კი მსგავსი წიგნი არ აქვს, არც ბოლნისური ღვინოების შესახებ არის ცნობილი, თუნდაც საქართველოში. მე ვიმედოვნებ, რომ დავწერ პირველ წიგნს საქართველოს ღვინოების შესახებ და მასში აუცილებლად იქნება შესული ინფორმაცია ბოლნისის ქვევრის ღვინოებზე. თქვენ გაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ წარმატებით გაიტანოთ ბოლნისური ღვინოები საერთაშორისო გამოფენებზე“,- აღნიშნა ღვინის მაგისტრმა ლიზა გრანიკმა.

სტუმარმა ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ელიას მთაზე მდებარე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი მოინახულა და მონასტრის ქვევრებში დაყენებული ღვინოც შეაფასა.

თავის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ამერიკელ სტუმარს მადლობა გადაუხატა ვიზიტისთვის.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლნისური ღვინოები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლნისში წარმოებული ღვინოებით ინტერესდება ისეთი პროფესიონალი, როგორიც ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკია. მინდა მადლობა გადავუხადო მას დღევანდელი ვიზიტისთვის, მისი შეფასება არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის რომ ჩვენმა ღვინოებმა საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოიპოვოს. ზოგადად ბოლნისი ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის და მუნიციპალიტეტს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ღვინის ტურიზმის განვითარების კუთხით. ყოველწლიურად იზრდება ბოლნისში საოჯახო მარნების რაოდენობა. თუ რამდენიმე წლის წინ აქ ქვევრის ღვინოს წარმოება არ ხდებოდა, ახლა სურათი რადიკალურად იცვლება, რაც ბოლნისის ეკონომიკური განვითარებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ყოველივე ეს კი ნელ-ნელა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.