რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ დანელიას და დავით სონღულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილეს.
მომხსენებელმა და საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ პირველი მოსმენის შემდგომ, თანაავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაქციის მოადგილეების თანამდებობების გაჩენით ადგილებზე, მუნიციპალიტეტებში ხელი შეეწყობა პარტიულ განვითარებას, რაც პარტიებს, ვისაც ამის შესაძლებლობა გააჩნია, მისცემს საშუალებას იყოს წარმოდგენილი უფრო სოლიდურად და მათ ექნებათ განვითარების უფრო მეტი შანსი.
პირველი მოსმენისას შემოთავაზებული ინიციატივით ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების რაოდენობის ზედა ზღვარი ოთხით იყო განსაზღვრული და ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე გათვალისწინებული იყო ერთი მოადგილე.
საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მთლიანად შეიცვალა კონფიგურაცია და ინიციატივა შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: ყველა ფრაქციას, რომელიც შეიქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოში, უნდა ჰქონდეს უფლება, ჰყავდეს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტის არსებობის შემთხვევაში, დაინიშნოს მეორე მოადგილე. გამონაკლისი იქნება ქალაქ თბილისის საკრებულო, სადაც ფრაქციის თავმჯდომარეს, ყოველ ცხრა წევრზე, შეუძლია, ჰყავდეს ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს სამისა.
“ჩვენ, ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არის გაცილებით უფრო სამართლიანი, ვიდრე იყო პირველი შემოთავაზება. ეს იყო გარკვეული მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და მას სწორედ ასეთი სახით გთავაზობთ განსახილველად”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით მხარი დაუჭირა.