რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურების მონტაჟი მიმდინარეობს

1228

რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი სკულპტურების მონტაჟი მიმდინარეობს. 13 ქანდაკება ფიროსმანის ქუჩაზე, მუნიციპალური თეატრის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერში განთავსდება. სკულპტურების მონტაჟს რუსთავის მერიის აიიპ „უზრუნველყოფა“ ახორციელებს.

როგორც ააიპ ,,უზრუნველყოფის“ დირექტორი ზაზა კუპატაძე აცხადებს, ქანდაკებების მონტაჟი დღის ბოლოს დასრულდება.

სიმპოზიუმის მონაწილე ფრანგი სკულპტორის, ნიკოლაი ფლესინგის ნამუშევარი „ქალაქის კარიბჭე“, მეგობრობის გამზირზე სკვერში დაიდგა, ესპანელი მოქანდაკის ამანსიო გონსალესის მიერ შექმნილი სკულპტურა – ,,ადამიანი ღამურა“ კი, რუსთავის ცენტრალურ პარკში დამონტაჟდა.

მიმდინარე და გასულ წელს გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკებების განთავსება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური არქივის შენობის წინ და სასტუმროსთანაც იგეგმება. რუსთავის მერიისა და ააიპ ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ ორგანიზებით, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, კულტურისა და დასვენების პარკში, 11 ივლისს გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდა. მასში მონაწილეობას 8 ქართველი და 3 უცხოელი- ესპანელი, ფრანგი და ეგვიპტელი მოქანდაკეები იღებდნენ. მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სკულპტორები მონაწილეობდნენ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი 2017 წელს, ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში გაიმართა.

წყარო: ინტერპრესნიუსი