21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დღეის მდგომარეობით, მერობის ერთადერთმა ქალმა კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს 4 წლით ანივარდ მოსოიანი უხელმძღვანელებს.
მოსოიანი “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო. მან რეგიონში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და 75.35%-ით გაიმარჯვა.
ანივარდ მოსოიანი 1974 წლის 9 მაისს ქალაქ ნინოწმინდაში (ყოფილი ბოგდანოვკა) დაიბადა;
1991 წელს დაამთავრა ქ. ნინოწმინდის მე-2 საჯარო სკოლა; 1996 წელს კი ერევნის ეკონომიკურ-იურიდიული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი; 2000 წელს მან, ასევე, დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი „გაენათი“ ფსიქოლოგისა და ქართული ენის მასწავლებლის სპეციალობით;
1994 წლიდან დღემდე ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია; 2008-2009 წლებში იყო ქ. ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი; 2009-2013 წლებში ეკავა ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა; 2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე; ფლობს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებს; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
კიდევ ერთი ქალი კანდიდატი, რომელიც მერობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის, თიანეთში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილია. ის დამოუკიდებელ კანდიდატ თამაზ მეჭიაურთან ერთი ხმით დამარცხდა, თუმცა, მოგვიანებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 ბათილი ბიულეტინი ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა, რითიც არჩევნების შედეგები შეიცვალა. მოგვიანებით, მეჭიაურმა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი სასამართლოში გაასაჩივრა. მცხეთის სასამართლომ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს. მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.
ამის მიუხედავად, ლელა ქიტესაშვილი კვლავ გამარჯვებისთვის იბრძვის და 4 უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს. ის აცხადებს, რომ თიანეთის მე-2, მე-13, მე-15 და მე-19 უბნებიდან 6 ბიულეტენი დაიკარგა ან მოიპარეს. მისივე განმარტებით, თავის დროზე აღნიშნულ 6 ბიულეტენთან დაკავშირებით საჩივარი დაწერილი არ არის, თუმცა, სამართლებრივად, შესაძლებელია არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნა.
სულ, საქართველოს მასშტაბით, მერობისთვის, 64 მუნიციპალიტეტიდან 26 მუნიციპალიტეტში, 48 ქალი კანდიდატი იბრძოდა. ყველაზე მეტი – 5 ქალი კანდიდატი რუსთავში იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისის მერობისთვის ორი ქალი კანდიდატი – ელენე ხოშტარია და ირმა ინაშვილი იბრძოდნენ. 48 კანდიდატიდან არჩევნებში 47 დამარცხდა და მხოლოდ ერთმა გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალი მერი მხოლოდ ერთ – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს ეყოლება.