რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტში ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს

380

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროს მრჩეველს, კორნელია პერლეს შეხვდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, ევროპის საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას აქტიურად უჭერს მხარს. პროექტს, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, ერთობლივად ახორციელებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე ეფექტური დიალოგის პლატფორმებისა და სტრატეგიების შექმნა, რითაც ხელი შეეწყობა რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას. მნიშვნელოვანია ასევე რომ, საკრებულოებმა შეიმუშაონ მარეგულირებელი ჩარჩოები, რათა უზრუნველყონ საზოგადოების გავლენის გაზრდა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ეფექტური თანამშრომლობისათვის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ევროპის საბჭოსთან კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობისათვის კომიტეტი მზაობას გამოთქვამს.

„წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, კიდევ უფრო გაიზრდება როგორც საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების შესაძლებლობები, ასევე ცნობიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმების შესახებ, რათა ისინი ეფექტურად გამოიყენონ პრაქტიკაში ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.