ქუთაისში “გუბერნსკის ციხის” ყოფილი შენობა, რომელიც ერთი წლის წინ გაიყიდა, ისევ მიტოვებულია

449

ქუთაისში “გუბერნსკის ციხის” ყოფილი შენობა, რომელიც ერთი წლის წინ გაიყიდა, ისევ მიტოვებულია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტრომ  შენობა  გასული წლის ივნისში გაასხვისა. ობიექტის მეპატრონე  ქუთაისელი ბიზნესმენი დავით კოსტავაა. მან 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა.

რა უნდა მოეწყოს ტერიტორიაზე ან დაანგრევენ თუ არა ციხის ყოფილ  შენობას, ამის გასარკვევად გამოცემა “ქუთაისი პოსტი” დავით კოსტავას დაუკავშირდა, თუმცა, “ქუთაისი პოსტის” ზარს არ უპასუხა,

ერთი წლის წინ  დავით კოსტავა “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ამბობდა, რომ ობიექტის ახალი დანიშნულების შესახებ 2021 წლის შემოდგომაზე ექნებოდა ესკიზი. მანამდე კი  ტერიტორიას დაასუფთავებდა.

“კონცეფცია შემიძლია გითხრათ, რომ იქნება საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი. ასევე, კომერციული გამოყენებისაც. ანუ, მრავალპროფილური დანიშნულების იქნება. რაც შეეხება კონკრეტიკას, როდის დავანგრევთ, როდის დავაპროექტებთ, რამდენი სართული იქნება, რამდენ ნომრიანი და ასე შემდეგ, ჯერ არ ვიცი. ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, უნდა გაკეთდეს გეგმა, არის ბევრი სამუშაო. შემოდგომაზე, ალბათ, უკვე მექნება ესკიზი”, –  განმარტავდა მაშინ  შენობის ახალი მეპატრონე.

დავით კოსტავა ქუთაისში  რამდენიმე  კომპანიის მფლობელია. მის სახელს უკავშირდება სამშენებლო კომპანია “იბერიის ვარსკვლავი”, სადაც 75.5%-იან წილს ფლობს. 100%-იანი წილი აქვს სავაჭრო ცენტრ “ქუთმოლში”. მასვე ეკუთვნის ქუთაისი-თბილისი -ბათუმის სამარშრუტო ხაზი, ასევე, ორი სატრანსპორტო კომპანია: შპს “ნიულაინი” და შპს “იმერ-ტრანსი”, რომლებიც ქუთაისის შიდა სატრანსპორტო ხაზებზე მუშაობენ.

ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე “გუბერნსკის ციხის” სახელით ცნობილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ციხის შენობა გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა.  საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.