“ვმუშაობთ უკვე იმაზე, რომ უფრო მდგრადად ერთი, ინტერტრანსთან მოლაპარაკება შედგეს და კონკრეტული პირობების გაუმჯობესება მოხდეს და მეორე, დამატებით მუნიციპალიტეტმა მოძებნოს გარკვეული რესურსი, შეისყიდოს ავტობუსები და თუ ამის საჭიროება იქნება ისევ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უკვე დავიწყეთ”,- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
ლაცაბიძის თქმით, რუსთავი-ისნის მეტროს მიმართულებით დანიშნული ავტობუსებით ყოველღიურად 3500-მდე ადამიანი მგზავრობს, რომელთა შორის უმრავლესობა, 80% სტუდენტია.
“თბილისი-რუსთავი, რაც ჩვენ გავაკეთეთ M3 კატეგორიით, თავიდან იყო ნეგატივი, რომ ეს არ გაამართლებდა. მაგრამ კონკრეტული ციფრები შემიძლია მოგიყვანოთ, ყოველდღე 3500 ადამიანი სარგებლობს ამ სამარშრუტო ხაზით, რომელიც დადგენილია რუსთავი-ისნის მეტროს მიმართულებით.
ჩვენ რა ანალიტიკასაც ვაკეთებთ, ძირითადი ნაწილი, 80%, არის სტუდენტები, რომლებსაც ტარიფად განვუსაზღვრეთ 50 თეთრი და დანარჩენი სარგებლობს 1,5-ით. 3500 ადამიანი დღის განმავლობაში, ვფიქრობ, არ არის ცოტა და ის ოჯახები, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ზრდასთან მიმართებით ვეღარ შეძლებდნენ ხშირ შემთხვევაში სტუდენტებისთვის 6 ლარის მიცემას და ყოველდღე ტარებას, ვფიქრობ, რომ შევქმენით სწორედ ის ალტერნატივა, რომელიც აძლევს საშუალებას.
დღესაც სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ რაღაცებს ანგარიშობენ ხოლმე, ფაქტია, რომ 3500 ადამიანი სარგებლობს ყოველდღე, რომელიც ფორსმაჟორში შევქმენით.
ახლა რაც შეეხება სულ ასე ხომ არ ვიქნებით და გაუმჯობესება გვინდა თუ არა. რა თქმა უნდა, ამაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენთვისაც ეს იყო სარეზერვო ავტობუსები, რომელიც გარკვეულწილად ისე გადავანაწილეთ, რომ შევძელით გამოთავისუფლება და ვმუშაობთ უკვე იმაზე, რომ უფრო მდგრადად ერთი, ინტერტრანსთან მოლაპარაკება შედგეს და კონკრეტული პირობების გაუმჯობესება მოხდეს და მეორე, დამატებით მუნიციპალიტეტმა მოძებნოს გარკვეული რესურსი, შეისყიდოს ავტობუსები და თუ ამის საჭიროება იქნება ისევ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უკვე დავიწყეთ. მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით სტუდენტების მხრიდან”,- განაცხადა ლაცაბიძემ.