რუსთავის მერიამ სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა განაახლა

632

რუსთავის მერიამ სტუდენტებისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა განაახლა. თანხის ოდენობა უცვლელია, სტუდენტებს მგზავრობა თვეში 60 ლარით დაუფინანსდებათ.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, დაფინანსების მისაღებად, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რუსთავში 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაციაა.

“ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფინანსებას თვეში არაუმეტეს 60 ლარის ოდენობით, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად.

კატეგორიები:

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

სტუდენტი სწავლობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტზე  და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

სტუდენტს აქვს 100%-იანი გრანტი და მისი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 და მეტია;

შშმპ სტატუსის მქონე სტუდენტი”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი.

ამასთან, პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა შესაძლოა მიეცეს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტს, თუ იგი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ სკოლის დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.