მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხის სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად 11 296 489 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 13 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდს გარდა ტენდერისა, სამცხე–ჯავახეთში განსახორციელებელი ან მიმდინარე პროექტებისთვის, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინჟინრის ვაკანტური პოზიციაც აქვს. პოზიციაზე დასაქმებულ პირს, მშენებლობის დაწყების შემტხვევაში, ახალციხის სპორტული კომპლექსის და აუზის სამუშაოების ზედამხედველობაც მოუწევს.
ახალციხეში სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი რამდენიმე თვეა რაც შეჩერებულია. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგრამის ხელმძღვანელი მუნიციპალური განვითარების ფონდში, ბექა თორიას განცხადებით, ჩინური კომპანია „ნანთოს სანძიენ ჯორჯია“, პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე სამუშოებს დამაკმაყოფილებლად ასრულებდა, თუმცა მოგვიანებით მან ვადების დარღვევა დაიწყო, ბოლოს კი სულ შეწყვიტა მშენებლობის პროცესი. ჩინურ კომპანიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 2021 წლის 26 მარტს დადო. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტის გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა მან პირობები დაარღვია, შედეგად კი დამკვეთმა ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. მას შემდეგ, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენდერი ჩაიშალა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და სპორტული კომპლექსის ასაშენებლად პროექტი 218 360 ლარად მოამზადა.