პარლამენტმა კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

394

პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და 96 ხმით მიიღეს „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს კვერეთის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში.

კანონის პროექტით წესრიგდება კვერეთის აღკვეთილის მდებარეობასთან, ფართობთან, საზღვრებთან, კვერეთის აღკვეთილის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, ზემო იმერეთის ტერიტორიაზე, იქმნება ახალი დაცული ტერიტორია – კვერეთის აღკვეთილი.

კვერეთის აღკვეთილი 14700 ჰა ფართობზე დაარსდება ახალი დაცული ტერიტორია, რომელიც საკმაოდ გამორჩეულია ბიომრავალფეროვნებით.

„აღკვეთილის ტერიტორია ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ეკოტურისტული პოტენციალის განვითარებას. ამასთანავე, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ცალკეულ შემთხვევებში საკუთრებით, ბუნებრივი რესურსებით და ასევე, ხელი შეეწყოს ბუნების და ბიომრავალფეროვნების მოვლას, დაცვას და პატრონობას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.