მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 169 ახალი კამერა დამონტაჟდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 713 896 ლარია. თანხის გადახდა ეტაპობრივად, 2022-2025 წლის ბიუჯეტებიდან განხორციელდება. ინფორმაციას ათინათი ავრცელებს.
შესყიდვის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მონტაჟი და ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე ვიდეო ნაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112”-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სათვალთვალო კამერები მომიჯნავე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე სხვადასხვა მიმართულებით განთავსდება, მათ შორისაა ზუგდიდი-ანაკლიის გზა, ასევე, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მიმართულებით არსებული ქუჩები და სხვა.
“ეს იქნება ქუჩები, სადაც მოძრაობს ძირითადი სატრანსპორტო ნაკადი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქალაქი იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო მოქალაქეებისთვის. ეს ემსახურება იმას, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევები”, – განაცხადეს მერიის პრესცენტრში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზუგდიდში უსაფრთხოების 70-მდე კამერა ფუნქციონირებს.