საქართველოში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია

357

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქ რუსთავშია, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა, ნოე მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“ ამოქმედების შემდეგ, რომელიც საწარმოებს გარემოსდაცვით ნორმებში მოქცევას ავალდებულებდა, რუსთავის საწარმოებმა ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება და თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვა დაიწყეს, თუმცა არა ისეთი ტემპით, რომელსაც სამინისტრო ელოდა.

ნოე მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ამ კუთხით მომავალი წლის პირველ ნახევარში ხელშესახები შედეგები იქნება, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე აისახება.

„მყარი ნაწილაკების ყველაზე მაღალი კონცენტრაციები ქალაქ რუსთავში გვიფიქსირდება, რაც სამრეწველო ზონიდან გამომდინარე სამწუხარო რეალური სურათია. საკანონმდებლო ცვლილებების შემოღების შემდეგ პროგრესი ნამდვილად არის. ბევრმა საწარმომ ახალი ფილტრაციის სისტემა ჩამოიტანა, ბევრმა შეაკეთა და თვითმონიტორინგის სისტემაში უკვე 10-ზე მეტი საწარმო ჩაერთო. უმეტესობას კონტრაქტები აქვს დადებული, რომ ეს სისტემები ჩამოიტანონ და დამონტაჟდეს. პროგრესი ნამდვილად გვაქვს, თუმცა არა იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ გვინდოდა და რომელსაც ველოდით. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის პირველი კვარტლისთვის საწარმოების უმეტესობა, რომელსაც ეს რეგულაციები ეხება, თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართული იქნება, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ ვაკონტროლოთ, რამდენად სრულყოფილად ხდება იმ ნორმების დაცვა.

ეს არის ამ ქალაქის დაარსებიდან დაწყებული პრობლემა და ამის მოგვარება ახლა, 2019 წლიდან დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ერთ დღეში და ერთ წელიწადში ეს ვერ მოგვარდება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, აბსოლუტურად ყველა ქარხანას, ერთეულების გამოკლებით, მუშაობა დაწყებული აქვს, ან უკვე დამონტაჟდა, დაკონტრაქტებულია და თვითმონიტორინგის ხელსაწყოები ყენდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში ეს პროცესი დასრულებული იქნება და ძალიან ხელშესახები შედეგები უნდა გვქონდეს. ასეთი რეალობაა“, – განაცხადა ნოე რამიშვილმა.

ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ჰაერის მართვის ახალ გეგმაზე მუშაობა შვედეთის მთავრობის დახმარებით, უახლოეს დროში დაიწყება, უმთავრესი აქცენტი კი სამრეწველო ზონაზე გაკეთდება.

მისი თქმით, ახალი გეგმა, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში დამტკიცდება, რომელიც 3-წლიანი იქნება.

„ქარხნების გარდა, რუსთავში ძირითადად, ტრანსპორტის მიერ გამოწვეული აზოტის დიოქსიდის პრობლემაც ფიქსირდება. რუსთავის ჰაერის მართვის გეგმაში ესეც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. გარდა ამისა, იქნება აუცილებლად გამწვანების საკითხები. ასევე, ველობილიკების და ფეხით გადაადგილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

რუსთავის გეგმის შემუშავებას გაცილებით უფრო ადრე ვვარაუდობთ. ვფიქრობთ, რომ იანვრისთვის უკვე უნდა გვქონდეს საბოლოო „დრაფტი“ და შემდეგ იმედია, მთავრობა მალე დაამტკიცებს. რუსთავის ჰაერის ძველ გეგმას ვადა წლის ბოლოს ეწურება და არ გვინდა, რომ ძველ გეგმასა და ახალ გეგმას შორის წყვეტა გვქონდეს“, – აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა.

ამასთან, თბილისში ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული რუსთაველის, მელიქიშვილის, წერეთლის, ქეთევან წამებულის, დადიანის გამზირებსა და მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა.