მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ბაითალოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისათვის ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელიც მერიამ გამოაცხადა უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებისათვის 8 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო. კომპანია “თერგიმ” მერიას სამუშაოების შესრულება 393 888 ლარად, “შპს ლავამ” 375 632 ლარად, ხოლო, “შპს G.SERVICE-მა” 345 543 ლარად შეთავაზა. როგორც სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებშია აღნიშნული სამივე კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა.
განახლებული ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 8 სექტემბერს გამოაცხადა. ახალი ტენდერის ღირებულება კვლავ იგივე 397 788 ლარი დარჩა. ტენდერის მიხედვით, სოფელში მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები, რეზერვუარის მშენებლობა და ჭაბურღილის მშენებლობა იგეგმება.
“მოცემული პროექტი ითვალისწინებს სოფელ ბაითალოს ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილის მიმდებარედ საქლორატოროს და სანიტარული ზონის მოწყობას, ჭაბურღილში დამონტაჟდება ტუმბო, ავტომატური მართვის ბლოკით, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება წყლის მიწოდება ჭაბურღილის მიმდებარედ საპროექტო წყალსადენეო კოშკში საიდანაც წყალი მიეწოდება მოცემული უბნის საპროექტო გამანაწილებელ ქსელს. პროექტით გათვალისწინებულია საპროექტო უბანზე ახალი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, პოლიეთილენის მილების მეშვეობით”. – აღნიშნულია ბაითალოში სასმელი წყლის მოწყობის პროექტში
სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 16-დან 19 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.