„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მარნეულში დოკუმენტაციის გაყალბებაზე საუბრობს. ეკა ბესელიას თქმით, საქმე ეხება მარნეულის სოფელ შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
„საარჩევნო უბანზე ნადიმ გოჯაევის სახელით პიროვნება იყო შესული, რომელიც newsplace ჟურნალისტად იყო წარმოდგენილი. მოხდა მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს პირი იყო ინტიზარ იბრაგიმოვი. ეს არის დოკუმენტების გაყალბება. ამის შემდეგ მან „ევროპული საქართველოს“ წევრ ახმედ იმამკულიევთან ერთად დატოვა ტერიტორია. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და საჭიროა ფაქტის გადამოწმება მოხდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატმა შულავერის 55-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა კომენტარი და მან აღნიშნა, რომ საჭიროა ოპონენტებმა ფაქტის დამადასტურებელი მასალა წარმოადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საქმე გვქონდეს პროვოკაციასთან.
„როდესაც ახმედ იმამკულიევი ჩნდება სადმე, იქ ხდება პროვოკაცია. არ გამორიცხავ ეს შეგნებულად ხდებოდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი