რუსთავში სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნის პრობლემა აღარ იქნება, 20 სექტემბრიდან რუსთავის მიმდებარედ არსებული სოკოს წარმოება, კომპოსტირების ნაწილში საქმიანობას შეაჩერებს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ სოკოს წარმოების ,,თეთრი ქუდის“ მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
,,ჩვენ ერთი წლის წინ გვქონდა შეხვედრა წარმოების წარმომადგენლებთან და ჯერ კიდევ მაშინ მივიღეთ დაპირება, რომ წარმოების იმ ნაწილს, რომელიც უსიამოვნო სუნს იწვევს, ამ ტერიტორიიდან გადაიტანდნენ, მაგრამ როგორც რუსთაველებმა დავინახეთ, მათ ეს პირობა არ შეასრულეს. რუსთაველები ითხოვენ, რომ საწარმოს იმ ნაწილმა, რომელიც იწვევს ამ სუნს შეწყვიტოს ფუნქციონირება და ჩვენი მოთხოვნაც ეს არის. რუსთაველებისთვის მთავარია, ეს პრობლემა აღარ გვქონდეს და 20 სექტემბრიდან ამ ტერიტორიაზე კომპოსტირების წარმოება გაჩერდება. თუ როგორ შეუთავსებენ ამას საკუთარ ბიზნესს ეს უკვე კომპანიის გადასაწყვეტია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა და დაგვეხმარა საკითხის გადაწყვეტაში“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განაცხადებით, საწარმომ დაარღვია დაპირება, რომლის მიხედვითაც, წარმოების ტერიტორიაზე კომპოსტირება აღარ უნდა განხორციელებულიყო.
,,ჩვენი მიზანი იყო, რომ წარმოების კომპოსტირების ნაწილი აღარ ყოფილიყო ამ ლოკაციაზე. 20 სექტემბრიდან რუსთაველებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ. კარგად მინდა გავმიჯნოთ, საუბარია წარმოების იმ ნაწილზე, რომელიც იწვევდა უსიამოვნო სუნს და რუსთავს აყენებდა უმძიმეს მდგომარეობაში. მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის ხელშეწყობას, მაგრამ ისეთი ტიპის წარმოების მიმართ, რომელიც იწვევს მავნე ზემოქმედებას მოსახლეობაზე, სახელმწიფო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ისეთი სახით ფუნქციონირება, როგორც სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდი“ მუშაობს, დაუშვებელია.
,,ჩვენ არაერთხელ დავაჯარიმეთ აღნიშნული საწარმო, ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება კომპოსტირების საქმიანობის შეზღუდვის შესახებაც. მასალები წარდგენილია სასამართლოში. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.
სოკოს წარმოებიდან წამოსული სუნი რუსთაველებს თითქმის 2 წელია რაც აწუხებთ, 20 სექტემბრიდან შპს ,,თეთრი ქუდი,“ კომპოსტირების წარმოებას, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერებს.