რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

575

რუსთავში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აშენდა.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ცენტრი 150 ბენეფიციარზეა გათვლილი, სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ – მაიორი ტომას კარდინი, ჯორჯიის შტატის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სააგენტოს უფროსი ჯეიმს სტალინგსი, აშშ-ს თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.

„რუსთავში, დღეს გავხსენით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით განხორციელდა. ახალი ცენტრი ძალიან ბევრი ოჯახისთვის იქნება იმედი და ახალი შესაძლებლობაც, რომ ყველა სერვისი, რომელიც ჩვენს პატარებს სჭირდებათ, რუსთავში მიიღონ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რუსთავი იქნება კარგი მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები რუსთავში, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. ეს ცენტრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომლებიც საჭირო სერვისს მიიღებენ ამ არაჩვეულებრივ დაწესებულებაში. სრულად აღჭურვილი ფერადი ცენტრია და ვფიქრობ, რომ რუსთავი სხვა ქალაქებისთვისაც სამაგალითო იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა რუსთავში, არა მარტო ქალაქისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი, რუსთავის შშმ პირთა სარეაბილიტაციო მუნიციპალური ცენტრის ,,კესანე“-ს ბაზაზე აშენდა. პროექტი, 779 750 ამერიკული დოლარით აშშ-ს საელჩომ დააფინანსა.