ახალციხის საცურაო აუზის მშენებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა

274

კომპანია „ნანთოს სანძიენ ჯორჯიას“, რომელსაც ახალციხეში 11 404 195 მილიონი ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი უნდა აეშენებინა–ხელშეკრულება შეუწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ კომპანია პროექტის საავანსო ოდენობის თანხით დაჯარიმდა და ხელშეკრულება შეუწყდა. მათივე განმარტებით, ძვირადღირებული პროექტი კვლავ განხორციელდება, რისთვისაც ახალი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ნანთოს სანძიენ ჯორჯიას“ პროექტის ღირებულების 41% უკვე გადარიცხული აქვს, რაც 4 650 198,97 ლარს შეადგენს. აქვე არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას თანხა ბოლოს 2022 წლის 8 ივნისს გადაურიცხა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, სატენდერო დოკუმენტაციას  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი ჯერ არ დამატებია.

სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია. მგფ–ს განცხადებით, კომპანია სათანადოდ ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. სამშენებლო კომპანიას არაერთხელ მიეცა გაფრთხილება და თუმცა უშედეგოდ.

როდის გამოცხადდება ახალი ტენდერი და რა ღირებულების იქნება ის–ამ ეტაპზე უცნობია.