ახალციხის მერიამ აუქციონის წესით მანქანების გაყიდვა დაიწყო

311

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე მის ბალანსზე რიცხული შვიდი მანქანა გაიტანა გასაყიდად. ელექტრონული აუქციონის გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მანქანების ნაწილი დაზიანებულია, არ აქვს ტექდათვალიერება გავლილი, ზოგი კი, გაუმართავობის გამო არ დადის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

5 სექტემბრის მონაცემებით, აუქციონზე, ლადას მარკის VAZ-21214–ის მოდელი სამი ავტომობილის საწყისი ფასი 41704200 და 5200 ლარია. VAZ-21213 3150 ლარი ღირს. TOYOTA 4RUNNER–ის საწყისი ფასი 17 709 ლარია. აუქციონზე იყიდება ორი SUZUKI GRAND VITARA. თითოეულის  ფასი 11 932 ლარიდან იწყება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე, 5 სექტემბრის მდგომარეობით, დაინტერესება არავის გამოუთქვამს. აუქციონი 2 სექტემბერს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.

აუქციონზე გასატანი ავტომობილები შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტმა“ შეაფასა.

უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

ელექტრონული აუქციონის პირობების და გასაყიდი ავტომანქანების მდგომარეობის შესახებ, მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მერიის ბალანსზე არსებული 10 ავტომანქანის აუქციონზე გატანას მხარი 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაუჭირა. ელექტრონულ აუქციონზე ამჟამად მხოლოდ შვიდი მანქანაა გატანილი. მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, მანქანების გაყიდვა გადაწყდა, რადგან „ზოგიერთი ტექნიკა აღარ მუშაობს, ზოგის რეაბილიტაცია ძალიან ძვირი ჯდება,  მწყობრიდან არის გამოსული და ექსპლუატაციის ვადებიც უკვე ამოწურულია“.