რიჟვაძე: გამოვდივარ ინიციატივით, „ბათუმის დინამოს“ მხარდასაჭერად, ხელშემწყობი ღონისძიებები გავატაროთ

321

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ინიციატივით გამოდის, „ბათუმის დინამოს“ მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ეთხოვოს.

ამის შესახებ მან აჭარის ავტონომიური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენს გუნდთან – „ბათუმის დინამოსთან“ დაკავშირებული საკითხი საკმაოდ აქტუალურია. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში, არნახულ პროგრესს მიაღწია. 2018 წელს გუნდი მე-2 ლიგაში თამაშობდა და იცით, რომ გუნდი გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. ჰქონდა გარკვეული წარმატებები, შესაძლოა ჩავარდნებიც ევროტურნირებზე, მაგრამ ჩვენთვის „ბათუმის დინამო“ გუნდზე მეტია და მის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამიტომ, დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმაღლეს საბჭოს შესაბამისი ხელშეწყობის ღონისძიებების გატარების მიზნით მივმართოთ, რომელიც ჩვენს გუნდს დაეხმარება, რომ აღმოსავლეთ ევროპის ნამდვილი გრანდი გახდეს და ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, რომლის განცხადებასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.