რუსთავში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

434

საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ განვითარებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოში მიმდინარეობს.

“ორივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ფასადების შეღებვა. სამუშაოების ღირებულება 204 826 ლარია”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

„რუსთავის საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა რაც შეიძლება სწრაფად შევიმუშაოთ. ჩვენ სტადიონზე გარკვეული ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დავიწყეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქალაქში სპორტის ამ სახეობის განვითარებას და წინსვლას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ამასთან, როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, რუსთავის მერია საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს კლუბის ყოველდღიურ მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციისთვისა და ფეხბურთელებისთვის უკვე ყველა პირობა შეიქმნება, რომ კლუბმა ნორმალურად იფუნქციონიროს. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რაც ვფიქრობ, მთლიანად ქალაქს და ფეხბურთს გამოაცოცხლებს“, – განაცხადა საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ სპორტულმა დირექტორმა, ბაჩანა ცხადაძემ.

რუსთავის ცენტრალური სტადიონი 1948 წელს აშენდა და ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა. რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა.