აბასთუმანში ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაიხსნა

357

აბასთუმანში ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა.

“ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი, რის შემდეგაც პაციენტი კონსულტაციასა და დანიშნულებას დისტანციურად იღებს”, – განმარტავენ სამინისტროში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია, საკურორტო ზონაში კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი და პირველადი სამედიცინო მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.