ზუგდიდის მერია: ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდის მიზეზი მომსახურების სფეროს ზრდაა

441

ზუგდიდის მერია გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას, რომლის თანახმადაც, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ხელფასები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, მომსახურების სფეროს გაზრდამ განაპირობა.

“მოსახლეობისთვის განვმარტავთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, განაპირობა მომსახურების სფეროს გაზრდამ. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეცა ახალი ავტობუსები, რომელიც დამატებით მძღოლების აყვანას მოითხოვდა. ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, სადაც დაემატა აღმზრდელები. კეთილმოწყობის ააიპ-ის გადაეცა ახალი ტექნიკა, რამაც ასევე მოითხოვა დამატებითი ტექნიკის ოპერატორების აყვანა”, – განმარტავენ მერიაში.