აზარაშვილი: ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის

383

„ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება“- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო სექტორს შესაძლებლობა აქვს, პაციენტს “ფაიზერის” წარმოების მედიკამენტით „პაქსლოვიდით“ უმკურნალოს.

„მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ რამდენიმე ქვეყანას შორის რომლებმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ, ასევე მსურველებს რასაკვირველია შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებს”, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და განმარტა, რომ ვირუსის მკურნალობა მარტივად მიმდინარებს, რასაც ინფექციონისტებიც ადასტურებენ.

„მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ იმ შემთხვევებში თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, შეგვიძლია მშვიდად გადავიტანოთ და ვიმკურნალოთ. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იგივეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტებიც, რომ არ არის არაფერი საშიში და საპანიკო”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.