მარნეულის სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის მოწყობისთვის ტენდერი გაზრდილი თანხით ხელმეორედ გამოცხადდა

459

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისათვის ტენდერი განმეორებით გაზრდილი თანხით გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ვუგარ მამედოვის თქმით,  ბაითალოში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერი მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა არ შედგა.

„რამდენჯერ გამოცხადდა ეს ტენდერი მაგრამ არ შედგა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. მერე გადაფასება გახდა საჭირო, პროექტის ღირებულება თავიდან გადავაფასეთ და ცოტა მეტი დაჯდა. ახლა გამოცხადებული გვაქვს ისევ ტენდერი და ველოდებით რა შედეგს მივიღებთ. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ვერ შედგა ეს ტენდერი, მაშინ კანონმდებლობით გვაქვს შესაძლებლობა რომ შესაძლოა გადაუდებელი აუცილებლობით შევისყიდოთ პროექტი, ან არის მეორე ვარიანტიც, შესაძლოა კვლავ მოხდეს პროექტის გადაფასება და კიდევ გაიზარდოს სამუშაოების ღირებულება. ეს ყველაფერი ახალი პროექტის დასრულებასა და მის შედეგებზეა დამოკიდებული”, – აცხადებს ვუგარ მამედოვი.

პროექტის გადაფასების შემდგომ ბაითალოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის პროექტს 14 108 ლარი დაემატა.

397 788 ლარის ღირებულების ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის 8 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 16-დან 19 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.