12 უძრავი ქონება და 5 შპს – გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

694

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს, ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2021 წლის დეკემბერში აქვს შევსებული.

გორის 31 წლის მერს დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს დედა და და. თავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფლობს 12 უძრავ ქონებას, რომელთა შორის ერთი მემკვიდრეობით აქვს მიღებული, დანარჩენი 11 – ნაყიდია. ამასთან, 9 უძრავი ქონება გორის მუნიციპალიტეტში აქვს, 2 – თბილისში და 1 – ბორჯომში.

კიდევ ერთ უძრავ ქონებას ფლობს დედა. ქეთევან გაგნიძეს 2021 წელს 1000 ლარად უყიდია 850 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ.

გორის მერის სახელზე გაფორმებული 12 უძრავი ქონება ასე გამოიყურება: ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2019 წელს მემკვიდრეობით მიუღია 8 975 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში; 2021 წელს 5 000 ლარად უყიდია 1 639 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის სოფელ ველებში. 2020 წელს 2 000 აშშ დოლარად უყიდია 122 კვ.მ ბინა გორში, თამარ მეფის N 120-ში; ამავე წელს და ამავე ქუჩაზე 5 000 აშშ დოლარად უყიდია 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი; 2018 წელს 172 000 ლარად უყიდია 6 129 კვ.მ კომერციული ფართი ასევე თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც 5 შენობა-ნაგებობა დგას: 550.07 კვმ.; 411.26 კვ.მ.; 239.06 კვ.მ.; 6.63 კვ.მ და 8.67 კვ.მ ფართებით;

2017 წელს 6 000 ლარად უყიდია 5002 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელი რეხაში; ამავე წელს 120 780 ლარად უყიდია 620 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გორში, სამეფოს ქუჩაზე. იქვე მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ფიქსირდება 309 კვ.მ; 2014 წელს 19 000 აშშ დოლარად უყიდია 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გორის სოფელი კევისხევში, სადაც 42,5 კვ.მ და 13,7 კვ,მ შენობა-ნაგებობები დგას. 2011 წელს 15 000 აშშ დოლარად უყიდია 67,1 კვ.მ ბინა გორში, სტალინის ქუჩაზე.

გარდა ამისა, 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 36 298 აშშ დოლარად უყიდია 41,64 კვ.მ ბინა; ამავე წელს თბილისში, სოფელ წავკისში, 10 000 აშშ დოლარად უყიდია 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, ფლობს 105 კვ.მ ბინასაც, რომელიც 2012 წელს 108 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.

დეკლარაციის თანახმად, მოძრავ ქონებას ფლობენ გორის მერი და მისი და. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ჰყავს 2020 წელს 14 500 აშშ დოლარად ნაყიდი ავტომანქანა Toyota Camry, ხოლო დას, გვანცა ხინჩეგაშვილს, ჰყავს 2017 წელს 16 000 აშშ დოლარად ნაყიდი ავტომანქანა Mazda CX5.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერად არჩევამდე სამეწარმეო საქმიანობაშიც იყო ჩართული. მას 5 შპს-დან 2020 წელს მხოლოდ ერთიდან მიუღია შემოსავალი. გარდა ამისა, ხუთივე შპს-ში არსებული წილები 2021 წლის ნოემბერში, გორის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სხვისთვის გადაუცია. გრაფაში, რომელიც გაფორმებულ ხელშეკრულებასა და წილის მინდობას ეხება, წერია, რომ წილის სხვისთვის გადაცემით არცერთი ამ შპს-დან შემოსავალი არ მიუღია.

ხინჩეგაშვილის ბიზნესწილები ასე გამოიყურებოდა:  50%-იანი წილით ფლობდა 2017 წელს გორში დარეგისტრირებულ შპს “ფლოლეს ქონსთრაქშენს”. მისი პარტნიორები იყვნენ: თევდორე მაყაშვილი და ოქროპირი ჯიქური. მათი წილის ოდენობა აღნიშნული არ არის; ასევე 50%-იანი წილით ფლობდა 2018 წელს თბილისში დარეგისტრირებულ შპს “რეფრეშს”. დარჩენილი 50%-იანი წილის მფლობელი იყო აკაკი მოწონელიძე.

გორის მერი 33%-იანი წილით ფლობდა შპს “გგ ჰოუმს”, რომელიც 2017 წელს გორშია დარეგისტირებული. 33-33%-იანი წილების მფლობელებად მითითებულნი არიან: ავთანდილ შოშიაშვილი და დავით კარბელაშვილი. ეს არის ერთადეთი შპს, საიდანაც ხინჩეგაშვილს 2020 წელს 2 859,23 ლარის შემოსავალი მიუღია.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თბილისში დარეგისტრირებულ კიდევ 2 შპს-ში ფლობდა 34-34%-იან წილებს. ერთი იყო 2018 წელს დარეგისტრირებული შპს “ჩემპიონი”, მისი მეწილეები არიან: მამუკა არევაძე და გენო პეტრიაშვილი; მეორე იყო შპს “ლეგასი”, რომელიც 2020 წელსაა დარეგისტრირებული და პარტნიორები არიან: გიორგი იანტბელიძე და მამუკა არევაძე.

ამ 5 შპს-ის გარდა, ხინჩეგაშვილს გაუსხვისებია არასაცხოვრებელი ფართი, რაშიც 80 000 ლარის შემოსავალი მიუღია. სხვა დეტალები აღნიშნული არ არის.  მას ასევე საკრედიტო ბარათისთვის გაუფორმებია საკრედიტო ხელშეკრულება და 1000 ლარის შემოსავალი მიუღია.

გორის მერს “საქართველოს ბანკში” 7 სხვადასხვა ანგარიში აქვს გახსნილი და დეკლარაციის შევსების დღეს მხოლოდ საბარათე ანგარიშზე ედო თანხა, 68,2 ლარის ოდენობით. მას “თი-ბი-სი ბანკის” 16 სხვადასხვა ანგარიში აქვს გახსნილი, დეკლარაციის შევსების დღეს ამ ბანკის შემნახველ ანგარიშზე ედო 5019,49 ლარი, ორ საბარათე ანგარიშზე კი – 465,3 ლარი და 4402,521ლარი. მას ასევე “ბანკი ქართუს” ანგარიშზეც აქვს თანხა, 3014,21 ლარს ოდენობით.

ხინჩეგაშვილი ყოფილი სპორტსმენია და მერად არჩევამდე, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან, როგორც ოლიმპიელს, 14 891,6 ლარის ანაზღაურება მიუღია; მას, ასევე, შპს “ჯორჯიან ფიტნეს გრუპში” მომსახურების გაწევისთვის 2020 წლის იანვარ-თებერვალში 738,37 ლარის შემოსავალი მიუღია; გარდა ამისა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს 2020 წელს მიუღია 68 400 ლარის სტიპენდია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრებიდან.

და, გვანცა ხინჩეგაშვილი, შპს “ავერსის კლინიკაში” ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე მუშაობს და 2020 წელს 4 965,21 ლარის ანაზღაურება მიუღია.

დეკლარაციის თანახმად, გორის მერი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.