გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს შორის წილისყრით დაკისრებული უფლებამოსილებები შეცვალეს.
ამის მიზეზი პროცედურული დარღვევები გახდა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის” წარმომადგენელმა დააფიქსირა.
ლიზა ყაზიშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ამომრჩეველს მარკირება არ გაუკეთა და კომისიის რეგისტრატორთან გაგზავნა. რეგისტრატორმა კი, ბიულეტენები გადასცა. ლიზა ყაზიშვილის მითითების შემდეგ, ბიულეტენი გააბათილეს.
დამკვირვებელი იტყობინება, რომ სკრის 59-ე უბანთან ,,ქართული ოცნების” აგიტატორების სიმრავლეა და ამომრჩევლის ნებაზე ახორციელებენ ზეწოლას.
საარჩევნო უბნებთან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების სიმრავლის გამო, ცესკომ განცხადება დილით გაავრცელა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლების და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორებთან, ამომრჩეველთა სიიდან მათი მონაცემების, კონკრეტულად – სიაში რეგისტრაციის ნომერის ამოწერა/დაფიქსირება.
,,ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.” – აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: qartli.ge