ქუთაისში 10 მიკროავტობუსი მინისტრის მოადგილემ, მაჟორიტარმა, სახელმწიფო რწმუნებულმა, მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ წარადგინეს

511

ქუთაისის მერიამ ევროკავშირის დაფინანსებით, 10 ახალი მიკროავტობუსი ჩამოიყვანა, რომლებიც რამდენიმე უბანში გადანაწილდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზეიმოდ აღნიშნა. პრეზენტაცია სატრანსპორტო კომპანიის ეზოში შედგა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოადგილეებთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოადგილესთან  და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ასევე, მოადგილესთან ერთად ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდნენ და ქალაქში 10 ახალი მიკროავტობუსის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსები ქალაქის რთული რელიეფის მქონე უბნებში (გორა, სადგურ რიონის დასახლება, საფიჩხია, გუმათი, ზ. გამსახურდიას ქუჩა, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლება) იმოძრავებენ. მიკროავტობუსის შეძენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. მიკროავტობუსების ჯამური ღირებულება 1 449 380 ლარია.