„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ შურღაია ფოთის, 23-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გოჩა კურდღელიას დაკვეთით ხმის მისაცემად ისეთი ადამიანები მივიდნენ, რომლებიც 23-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულები არ არიან.
„გოჩა კურდღელიას თანამშრომლებმა, რომლებიც არ ცხოვრობენ ფოთში და არ არიან აქ რეგისტრირებული, ხმა ამ უბანზე მისცეს. „კარუსელი“ დაატრიალეს. მე დავაფიქსირე რვა ადამიანის შესვლა, რადგან პირადად მათ ვიცნობ და ალბათ დღის ბოლომდე ეს შემთხვევა კიდევ განმეორდება. მათ ამ უბანზე ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ,“- აღნიშნა თეიმურაზ შურღაიამ.
აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს #23 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი თოფურია და აცხადებს, რომ ამ დრომდე არანაირი საჩივარი არ დაწერილა.
„თუ ნახა ასეთი ადამინების შემოსვლა, რატომ არ დააფიქსირა?გარეთ რა ნახა მე არ ვიცი. აღნიშნული პარტიის სამი დამკვირვებელი შიგნით არის და არც ერთს არ უთქვამს ეს ჩემთვის და არც საჩივარი დაწერილა“,- განაცხადა ირაკლი თოფურიამ.
წყარო: ინტერპრესნიუსი