ქუთაისის მერია წაგებაზე მომუშავე სატრანსპორტო კომპანიას დაფინანსებას უზრდის

480
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის წლიური ბიუჯეტი 3 700 000 ლარია, დამატებით კიდევ 700 000 ლარს მიიღებს. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

შპს-ს, რომელსაც არათუ შემოსავალი შეაქვს ბიუჯეტში, არამედ საკუთარ თავსაც ვერ ინახავს, მერიამ დაფინანსება გაუზარდა. საუბარია 60 ავტობუსზე, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სესხით იყიდა. გარდა იმისა, რომ ქუთაისის მოსახლეობას ამისთვის 23 მილიონიანი ვალის გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს, ასევე იძულებულია ყოველწლიურად მილიონობით ლარის ხარჯი აანაზღაუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მერიამ თავის დროზე ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები იყიდა და მგზავრობის თანხის გადახდის ეფექტურ კონტროლსაც ვერ ახერხებს.

მერიამ რომ ქალაქში ხარვეზიანი ავტობუსები შემოიყვანა, ამას მოწმობს აუდიტის დასკვნა, სადაც წერია, რომ კომპანიას ავტობუსების შეკეთება 900-ზე მეტჯერ დასჭირდა.

ქუთაისის მერია შპს -სთვის დამატებითი თანხის გამოყოფას ქალაქში კიდევ 10 ახალი ავტობუსის შემოყვანით ხსნის, თუმცა, “ქუთაისიპოსტმა”  ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეისწავლა კომპანიის ხარჯები და შემოსავლები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიას თანხა არც მაშინ ჰყოფნიდა.

გასულ წელს, მხოლოდ საწვავს, 120 მძღოლისა და ადმინისტრაციის 33 თანამშრომლის ხელფასს 3 727 337 ლარი მოხმარდა, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე შპს–ს ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული. დახარჯული თანხის კომპენსირებას მერია სწორედ მგზავრობის თანხის გადახდიდან მიღებული შემოსავლით უნდა ახდენდეს, საბოლოოდ კი, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, სულ მცირე, საკუთარი ხარჯების ანაზღაურება უნდა შეძლოს. ერთწლიანი მუშაობის შედეგები კი გვაჩვენებს, რომ კომპანია ორჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს და მისი შემოსავლით საწვავის ხარჯსაც ვერ ისტუმრებს.