თელავის სოფელ ლალისყურში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება

403

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

პროექტის მიზანია სოფელში წყლის დებეტის მნიშვნელოვნად გაზრდა.

“სოფელ ლალისყურის მოსახლეობას შევხვდით და ის მასშტაბური პროექტი გავაცანით, რომელიც წყალმომარაგების პრობლემას საბოლოოდ გადაწყვეტს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ახალი სათავე ნაგებობა მოეწყობა. პროექტი უკვე ნაყიდია და მერია ახლო მომავალში ტენდერს გამოაცხადებს. პროექტი ასევე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, რისთვისაც საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. შესაბამისი ფინანსური სახსრები შესაძლოა გათვალისწინებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში.

ჩვენი მიზანია, რომ სოფელ ლალისყურის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს პროექტის შესახებ და ამავე დროს მათგან მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული მოსაზრებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით განხორციელდეს ეს პროექტი”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა.