ქუთაისის მერიის შენობა იყიდება – სად გადავა ადმინისტრაცია უცნობია

805

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის მერიის შენობა იყიდება, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ მუშაობას. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

გამოცემის ვნობით, განიხილება რამდენიმე ალტერნატიული ადგილი, სადაც, შესაძლოა მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია განთავსდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მერია და საკრებულო, შესაძლოა, კონტროლის პალატის, ხოლო, სამხარეო ადმინისტრაცია – საგზაო დეპარტამენტის შენობაში გადავიდეს.

ასევე, ერთ-ერთ ალტერნატივად მოიაზრება წინა მთავრობის მიერ აშენებული მთავრობის სახლის ყოფილი შენობაც, თუმცა, ამ შემთხვევაში შემაფერხებელი მიზეზი მისი მდგრადობაა. არსებული ინფორმაციით, წლების განმავლობაში მოუვლელი და მიტოვებული შენობა ექსპერტიზას საჭიროებს.

ასევე, მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების ახალ სამუშაო სივრცედ პროკურატურის ყოფილი შენობას მოიაზრებს.

ეკონომიკის სამინისტრომ მერიის ოთხსართულიანი შენობა გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში უკვე შეიტანა. რუსთაველის N3-ში მდებარე შენობა ერთ-ერთი იქნება, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო, დღეს, კერძო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს წარუდგენს.

მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა, რასაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოველთვის უარყოფდნენ, თუმცა, ორი თვის წინ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომ შენობაში სასტუმროს განთავსება უფრო მისაღები იქნებოდა.

ქუთაისის მერიის შენობა ამ დრომდე ქალაქის ბალანსზეა. იგი ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც მერიის სამსახურები, საკრებულო და იმერეთის მხარის ადმინისტრაციაა განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3 279 კვ.მ-ია.