ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა, შესაძლოა, გაასხვისონ

599

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის გასხვისება იგეგმება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“ჩვენ გვაქვს მოსაზრება და , რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ლოგიკური არის გამომდინარე იქიდან, რომ ვფიქრობთ, რომ ალბათ, ეს შენობა და ეს მოცემულობა უფრო მეტად სასტუმროსთვის მისაღები იქნება, ვიდრე ადმინისტრაციული შენობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ვიფიქროთ ამ შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით და გარკვეულ პროცესში ვართ რომ მოვამზადოთ ასე რომ ვთქვათ პირობები.

თუმცა, გადაწყვეტილი ეს საკითხი არ გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ ეს განიხილება ერთ-ერთ ვერსიად და ჯერ-ჯერობით კონკრეტული, რაიმე გადაწყვეტილება, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობა იყიდება ჩვენ მიღებული არა გვაქვს. ეს არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება”, – განაცხადა ქალაქის მერმა ფეისბუკში ონლაინ ჩართვისას.

მისი თქმით, შენობის გასვისებასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიციასთან, ასევე, მოქალაქეებთანაც იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ მერიის შენობის შესაძლო გასხვისების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადმინისტრაციული ორგანოს გადატანა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში იგეგმებოდა. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა დროს გავრცელებულ ინფორმაციას ყოველთვის უარყოფდნენ.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიის ოთხსართულიანი შენობა ქალაქის ბალანსზეა. შენობა ძირითადი და დამატებითი კორპუსებისგან შედგება, სადაც ქალაქის საკრებულო, იმერეთის მხარის ადმინისტრაცია და მერიის ააიპებია განთავსებული. შენობის მთლიანი ფართი 3279 კვ.მ-ია.