ბათუმის საკრებულოში კვოტირების წესს პარტია „საქართველოსთვის” ასაჩივრებს. პარტიის წევრმა აკაკი გვიანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული სარჩელით უკვე მიმართა.
როგორც აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბათუმის საკრებულოში კვოტირება კანონის დარღვევით განისაზღვრა და უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ” მიიტაცა.
„ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ თითოეულ უკანონობაზე, რომელიც თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოა, გვექნება პრინციპული რეაქცია, ვიბრძოლებთ პროფესიონალურად და აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას. ეს არის საკრებულოს მიტაცების მორიგი ფაქტი, კანონის მიხედვით, „ქართულ ოცნებას” უნდა განესაზღვრა მანდატთა პროცენტული რაოდენობის მიხედვით, მმართველ პარტიას არ აქვს ნახევარზე მეტი ხმა საკრებულოში, თუმცა კომისიებში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, სწორედ ამ კანონდარღვევას ვასაჩივრებთ”, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.