წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხილვის 1 დღით დაგვიანებისთვის, თანამდებობიდან გადადგა

532

წინა სტატია

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა თანამდებობიდან გადადგა. ზარქუა მიზეზად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსაზღვრულ ვადებში განხილვის დაგვიანებას ასახელებს. მისი თქმით, როგორც კომისიის თავმჯდომარე ირიბად თუ პირდაპირ პასუხისმგებელი იყო აღნიშნული პროგრამის ვადებში განხილვაზე, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა დაეტოვებინა.

„მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ვადები, ობიექტური მიზეზების გამო ამ ვადებში ვერ ჩავეტიეთ, რის გამოც საფრთხე შეექმნა ამ პროგრამის განხორციელებას.

მუნიციპალიტეტს 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტი არ ჰქონდა, საკრებულო ნორმალურად ვერ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ეს აისახა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების გამართულ მუშაობაზე. ვადებში ვერ ჩავეტიეთ, 1 დღით დავაგვიანეთ.

მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება და ვადები გადაიწია, შესაბამისად, თანხებს მიიღებს რაიონი. განხორციელდება ყველა დაგეგმილი პროექტი. მიუხედავად ამისა მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ პასუხისმგებელი ვიყავი ვადებზე და პროექტზეც, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ლაშა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, უკვე გამოსცა ბრძანება დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ, რომლის თანახმად, 1 თვის ვადაში უნდა დადგინდეს, რა მიზეზით მოხდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსაზღვრულ ვადებში განხილვის დაგვიანება და ვინ არის პასუხისმგებელი.