ნაც-ქოცურ გარჩევებს შეწირული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

498

ავტორი: რუსა მაჩაიძე

ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმის გამო ჩავარდა, რომ საკრებულოებმა დროულად ვერ შეძლეს დამტკიცება. ახლა “ქართული ოცნება” და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებს და მთავრობას დადგენილებაში ვადის შეცვლას სთხოვენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც ამ პროგრამის ზედამხედველია, ამბობენ, რომ არაფერი იციან, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად. სამეგრელოს რწმუნებული კი, რომელიც ამ საკითხში საერთოდ უფლებამოსილების არმქონეა, ზუგდიდის და წალენჯიხის მოსახლეობას პრემიერის სახელით პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.

რა არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2009 წლიდან ხორციელდება და ეს არის ცენტრალური მთავრობის ინტრუმენტი, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ამ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის”  ფარგლებში ახორციელებს. შესაბამისად, ამ პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებელი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ის ინტენსიურად იღებს თითოეული მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციას და მთავრობას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს შესრულების შესახებ.

პროგრამა მოიცავს 54 მუნიციპალიტეტს. არ ფარავს ქვეყნის თვითმმართველ ქალაქებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს, თუმცა, აჭარაში ეს პროგრამა აჭარის მთავრობიდან ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებს 10 000-20 000 ლარს. დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს 15-პუნქტიანი საპროექტო სიიდან (მაგ. სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, გზები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, სკვერები და სხვა. ჩამონათვალი პერიოდულად იცვლება და ბოლო ცვლილებით 15-პუნქტიანია).

აღსანიშნავია, რომ პროექტების ნაწილი ხორციელდება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, რადგან გამოყოფილი თანხა ყოველთვის არ არის საკმარისი მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტის შესასრულებლად. მუნიციპალიტეტს შეუძლია, კონკრეტული პროექტისთვის გამოყოფილ თანხას თანადაფინანსების სახით დაამატოს ამ თანხის მაქსიმუმ 100%.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ბიუჯეტი 2009-2011 წლებში 40 მილიონი ლარი იყო, 2012-2016 წლებში – 50 მილიონი. 2019 წლიდან ისევ 40 მილიონი გახდა. 2017 წლამდე პროგრამის თითოეულ პროექტზე აუცილებლად უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, ხოლო გამარტივებული შესყიდვა გამოიყენებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. 2017 წელს მთავრობამ პროგრამა სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს. პროგრამა მხოლოდ 2019 წელს აღდგა და სწორედ ამ წლიდან ყველა პროექტი პირდაპირი გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება. 2022 წელს კი, მთავრობის განკარგულებით გადაწყდა, რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოს 40 560 000 ლარი. ეს თანხა, ასევე მთავრობის დადგენილებით,  მუნიციპალიტეტებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა ოდენობით გადაუნაწილდათ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფლის(ების) მოსახლეობა კრებებზე თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა. ამისთვის კი პროცედურა ასეთია – მერია აორგანიზებს სოფლებში კრებების ჩატარებას. სოფლის კრებაზე შერჩეული სია გადაეგზავნება მერიას, სადაც თავს იყრის ყველა სოფლიდან შერჩეული პროექტები. საბოლოოდ კი ამ პროექტებს საკრებულო ამტკიცებს. მთავრობის დადგენილებით, ამისთვის ვადა 1 მაისამდე არის განსაზღვრული (თავდაპირველად ვადა 1 აპრილამდე იყო, თუმცა, 2020 წლის დეკემბერში დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, ვადამ 1 მაისამდე გადაიწია).

გაურკვევლობა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნციპალიტეტებში  

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 948 000 ლარი, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის 644 000 ლარი. ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში კრებები ჩატარებულია და პროექტებიც შერჩეული აქვთ, მუნიციპალიტეტებს კი 1 მაისამდე უნდა დაემტკიცებინათ.

თუმცა, წალენჯიხის მერიამ საკრებულოს დაგვიანებით, 2 მაისს მიმართა, საკრებულომ კი 11 მაისამდე საკითხის განხილვა ვერ შეძლო. ზუგდიდის შემთხვევაში კი მერიამ საკრებულოს ვადების დაცვით – 14 აპრილს მიმართა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც საკრებულომ განხილვა დადგენილ ვადებში ვერ მოახერხა.

ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიური ნაწილი მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მათ პარტიული დავალების შესრულებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, დეპუტატებისთვის არ იყო ცნობილი საკითხის დამტკიცების ვადებზე და ამ გზით “ქართული ოცნება” ოპოზიციურ საკრებულოს პროცედურულ ომს უცხადებს.

“ეს იყო საკრებულოს აპარატის უფროსის,  ქალბატონი ნატა პაპასკირის, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების შემდეგ ყველაზდე მაღალი ხელფასი აქვს, ექსკლუზიური ვალდებულება, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში შეეტანა. მისთვის ცნობილი იყო ვადები და ეს უნდა გაეკეთებინა. მერიის დაკვეთით და შეთანხმებით, მან სპეციალურად დროულად არ შეიტანა, რათა ეს ხმაური ატეხილიყო. ამის შეცვლა არის ძალიან ადვილი, მაგრამ “ქართულ ოცნებას” მხოლოდ ეს ხმაური და ოპოზიციისთვის დაბრალება უნდოდა. მათ ხომ იცოდნენ, რომ ვადები დარღვეული იყო, როდესაც კენჭი ეყარა, მაშინ ხელი რატომ ასწიეს და ხმა მისცეს? ჩვენ დამნაშავენი არაფერში არ ვართ, მათი ბრალია ყველაფერი. ეს იყო საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის ვალდებულება და პასუხი მოსთხოვონ მას. იმის ნაცვლად, რომ საჯარო მოხელეებმა ვალდებულება შეასრულონ, მერიასთან შეთანხმებით მოქმედებენ და საბოტაჟს უწყობენ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს. ეს არის “ქართული ოცნების” ნიშა, რომ ეომოს საკუთარ ხალხს”, – ამბობს droa.ge-სთან საუბრისას ზუგდიდის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, მაია კალანდია.

ჩვენ ვცადეთ დაკავშირება ნატა პაპასკირთან, რომელმაც არათუ კომენტარზე გვითხრა უარი, არამედ ტექნიკური დეტალებიც კი არ განგვიმარტა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ  საკრებულოს თავმჯდომარემ ამ საკითხზე ნებისმიერი კომენტარის გაკეთება აუკრძალა მასაც და საკრებულოს აპარატის ყველა თანამშრომელს და განმარტებებს თავად გააკეთებდა. თუმცა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ,  გიგა ფარულავამ, რომელიც გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ჯერ ტელეფონი გაგვითიშა, რომ გაიგო, რატომ ვურეკავდით და შემდეგ საერთოდ აღარ პასუხობდა.

საკრებულოს სახელით კი მათ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ საკითხი დაჩქარებული წესით განხილვას საჭიროებდა”.

ამ ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს კომისიას ეს საკითხი 28 აპრილს განუხილავს და დაუმტკიცებია 6 მაისს, რომელსაც მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და ვადებთან დაკავშირებით ამ სხდომაზეც არაფერი უთქვამთ.

“სამწუხაროდ, მერიას არც მომართვის წერილში და არც საკრებულოში განხილვის დროს არ გამოუხატავს პოზიცია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა დაჩქარებული წესით განხილვას. მეტიც, მათ ინფორმაციაც არ ჰქონდათ აღნიშნული საკითხის დამტკიცების ვადებზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მერიას შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს დაფინანსების შესაძლო დაკარგვაზე. აღნიშნული სრულად განეკუთვნება მერიის კომპეტენციას და პასუხისმგებლობის სფეროს, შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევა მათი მხრიდან უყურადღებობით აიხსნება, კომპეტენციის ნაკლებობით თუ სხვა რაიმე გარემოებით, საზოგადოებას და ზუგდიდელებს ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან სჭირდებათ კონკრეტული განმარტებები. მერიას ვურჩევდით, მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მეტი ყურადღება გამოიჩინონ და ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკრებულოსთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდის მერია კი ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” მომხდარს “ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს უპასუხისმგებლობის მორიგ გამოხატულებას” უწოდებს. ამასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” რეგიონულმა ოფისმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ისიც არის აღნიშნული, რომ  “უპასუხისმგებლოა მათი განცხადებაც, რომელიც ფაქტის მერიისთვის გადაბრალებას გულისხმობს. რეალურად, გახარია-ნაცების კოალიცია მერიას იმაზე საყვედურობს, რატომ არ მოხდა ვადების შეხსენება. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის მერიამ მასზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა, პროექტით გათვალისწინებული სოფლის კრებები ჩაატარა, კრებებზე მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები დაამუშავა და დასამტკიცებლად 14 აპრილს ზუგდიდის საკრებულოს გაუგზავნა. ვადების შეხსენება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უნდა სჭირდებოდეს, მაშინ, როცა ის, მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობის დროს, თავად კურირებდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამას”.

ასეთივე პრობლემაა წალენჯიხაშიც, მიუხედავად იმისა, რომ აქ მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. თუმცა, აქ ვერდამტკიცების მიზეზებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის აქტიურად მუშაობენ. ამასთან, წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ, უკვე გამოსცა ბრძანება დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ, რომლის თანახმად, 1 თვის ვადაში უნდა დადგინდეს, რა მიზეზით მოხდა ვადის დარღვევა და ვინ არის პასუხისმგებელი.

როგორ მოგვარდება პრობლემა?

თუკი საკრებულოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს არ/ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ის თანხა, რაც კონკრეტულად ამ სოფლებისთვის იყო გამოყოფილი, ცენტრალურ ბიუჯეტში ბრუნდება და მისი განკარგვისთვის პროცედურებია დადგენილი. თუმცა, ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც საკრებულო რაიმე მიზეზით შეკრებას ვერ ახერხებს და საკითხის დავიწყება, პროცედურების არცოდნა და არაკოორდინირებულობა არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩება, რომ მთავრობამ დადგენილებაში ვადებთან დაკავშირებით ახალი ცვლილება შეიტანოს, თუნდაც გარდამავალი დებულების სახით.

ზუგდიდის საკრებულოს წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შესაბამის დადგენილებაში შეიტანოს ცვლილება და მუნიციპალიტეტებს მისცეს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სარგებლობის შესაძლებლობა. თუმცა, ჯერჯერობით, მათ სათანადო ფორმით არც მთავრობისთვის მიუმართავთ და არც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, ვინც ცვლილება სამართლებრივად უნდა მოამზადოს. სამაგიეროდ, ინფრასტრუქტურის მინისტრს წალენჯიხის მერმა მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ მერიამ საკრებულოს დაგვიანებით წარუდგინა პროექტი და სთხოვს, რომ  წალენჯიხისთვის გამოყოფილი თანხა – 644 ათასი ლარი, გამოყენებული იქნას ამავე პროგრამის ფარგლებში და ეს არ გახდეს მიზეზი პროგრამის დაუფინანსებლობის.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი droa.ge-თან აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ გარკვეული არ არის და კონკრეტულ განცხადებას ვერ გააკეთებენ, თუ ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს.

სამაგიეროდ, უკვე რამდენიმე დღეა, არაუფლებამოსილი პირი – სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი გუგუჩია, მოსახლეობას ხვდება და პრემიერის სახელით ჰპირდება, რომ  ცენტრალური ხელისუფლება მათ ამ პროგარემის გარეშე არ დატოვებს.