“ნადიკვრის” ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოსაწყობად 2.7 მილიონზე მეტი დაიხარჯება

444

ქალაქ თელავში პარკ “ნადიკვრის” ტერიტორიაზე დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოსაწყობად მუნიციპალიტეტის მერიამ 2 758 521 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის გადახურვა, მოძველებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ახალი ატრაქციონების განთავსება, აუთვისებელი ქვედა ტერასის სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთვა, მათ შორის, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სავარჯიშო და სათამაშო სივრცეების მოწყობა.

“ასევე, პირველად თელავში, შინაური ცხოველებისთვის მოეწყობა სავარჯიშო სივრცე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სავაჭრო ჯიხურებს, სველს წერტილს და არსებული ატრაქციონების ნაწილს.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას”, – განმარტავენ მერიაში.