როგორ მოვიპაროთ საკრებულო

1800

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

ბათუმის საკრებულოში ძლივს მოპოვებული უმრავლესობა 1 თვეში ხელში რომ არ ჩააკვდეს და ხელახალი არჩევნებისგან თავი რომ დაიძვრინოს, “ქართულმა ოცნებამ”, არცთუ ისე დიდი ფიქრის შემდეგ, “ბრძნული” გამოსავალი მონახა – საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი, ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს, საკრებულოს წევრი ავტომატურად, საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის გარეშე გახდება. “სიბრძნე”, რომელსაც კანონპროექტის სახე უკვე აქვს, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსებში, სავარაუდოდ, მალე ჩაიწერება, ვინაიდან გუშინწინ, 10 მაისს, პარლამენტის ბიურომ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

არავინ იცის, სინამდვილეში, “ოცნების” რომელი ლიდერის თავში მოიხარშა ეს იდეა, თუმცა, ოფიციალურად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მმართველი პარტიის “მოლაპარაკე თავები” – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან – ეს ხუთეული ხომ, რახანია, პარლამენტის უმრავლესობის შავი საქმის შემსრულებელ-გამხმოვანებლად ჩამოყალიბდა.

როგორც უკვე გითხარით, ამ საკანონმდებლო ინიციატივით, საკრებულოებს ერთმევათ უფლება, რომ ცნონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილება და ის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების მე-11 დღიდან ავტომატურად გადეპუტატდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში არჩეული 2068 წევრიდან 2067-ის უფლებამოსილება შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს ექნება ნაცნობი და საკრებულოს მხოლოდ 1 წევრს ბათუმში (კონკრეტულად კი, რამაზ ჯინჭარაძეს) მხოლოდ ცესკოს მიერ ვებგვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე შეეძლება, გახდეს დეპუტატი.

ყველაზე საინტერესო კი ის აბსურდული დასაბუთებაა, რომელიც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია: თურმე, ნუ იტყვით და, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება (რიგითი თუ რიგგარეშე არჩევნების შემდგომ) იწყება არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის
შედგენიდან (ანუ მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს, ამიტომაც, შუალედური არჩევნებით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილებაც ზუსტად ასევე უნდა დარეგულირდეს.

კანონპროექტის პატივცემული ავტორები გვეუბნებიან, რომ, თვითმმართველობის იდეის უგულებელყოფით, ერთმანეთში აღრეული წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევის წესით, თურმე, ერთიან მიდგომასა და სტანდარტს დაამკვიდრებენ.

ამ “ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებით” კი შემდეგი მოცემულობა გვექნება: საკრებულოს (ანუ წარმომადგენლობითი ორგანოს) მხოლოდ შუალედური არჩევნებით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა მერის (ანუ აღმასრულებელი ორგანოს) მსგავსად მოხდება, ანუ მას, პრაქტიკულად, მუნიციპალიტეტის პირველ პირს გაუთანაბრებენ, მაგრამ ჩვეულებრივ, მორიგი არჩევნებით არჩეულ საკრებულოს ყველა, მათ შორის, მაჟორიტარი, წევრის უფლებამოსილებას ისევ საკრებულო სცნობს. აი, ასე ესმის “ოცნებას” ერთიანი მიდგომა და სტანდარტი.

განმარტებით ბარათში, ცხადია, არაფერია ნათქვამი, რატომ აყენებენ  შუალედური არჩევნებით არჩეულ მაჟორიტარებს საკრებულოს სხვა წევრებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში. ეს რომ ეთქვათ, მაშინ პირდაპირ უნდა ჩაეწერათ, რომ ეს ცვლილება მათ ბათუმის საკრებულოს მოსაპარად სჭირდებათ და მას რაიმე სტანდარტთან, მიდგომასთან და ზოგადად, სამართალთან და სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულ მუშაობასთან კავშირი არ აქვს.

დიახ, ამ აბსურდული ცვლილების მიღებით “ქართული ოცნება” ბათუმის საკრებულოს უბრალოდ მოიპარავს, იმიტომ, რომ ზუსტად 3 კვირაში ამოიწურება “თვითმმართველობის კოდექსის” 142-ე მუხლით დადგენილი ვადა, რომლის შემდეგაც მუნიციპალიტეტში მთავრობამ პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა უნდა შემოიღოს და შემდეგ უკვე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ამ ცვლილებით კი, მოპარულ საკრებულოსთან ერთად, “ოცნება” ბათუმელებს ხელახალი არჩევნის უფლებასაც წაართმევს – სარისკოა, იქნებ ამ ექვსთვიანმა შეურაცხმყოფელმა პროცესებმა ამომრჩეველი უფრო მეტად გააბრაზა?! ამიტომაც, კიდევ ერთ არჩევნებს, მორიგ ჯერზე ფინანსური, ადამიანური, ადმინისტრაციული რესურსების კვლავ მობილიზებას და, რაც მთავარია, საკრებულოში ძლივს მოპოვებული უპირატესობის რისკის ქვეშ დაყენებას, არ სჯობს, კანონი ჯინჭარაძეს მოარგონ?! და მოარგეს!

თანაც, ისე, რომ კანონს, რომელსაც, პარლამენტის მორჩილი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მონური აღტკინებით დაუჭერს მხარს, უკუქმედების ძალა მისცეს – “ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ შესაბამისი შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით დასტურდება საკრებულოს ამ წევრის არჩევა… ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”.

რას ნიშნავს ეს? ცესკომ ბათუმში 2 აპრილს 79.04 ოლქში ჩატარებული შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ვებგვერდზე 8 აპრილს გამოაქვეყნა. ანუ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მაგალითად, მარტში რომ მიეღოთ, ჯინჭარაძე 19 აპრილიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდა. მაგრამ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ახლა იწყებს და სავარაუდოდ, 3 ივნისამდე მიიღებს. ანუ, უკეთეს შემთხვევაში მაისის ბოლოს მიღებულმა კანონმა აპრილის შუა რიცხვებში არჩეული კაცის უფლებამოსილება უნდა სცნოს. აბდაუბდაა? კი, მაგრამ სწორედ ეს აბდაუბდა შემოგვთავაზა “დიდებულმა ხუთეულმა” “ქართული ოცნებიდან”.

ცხადია, პერსონალურად ჯინჭარაძის გადეპუტატებისთვის არ ზრუნავს “ოცნება” და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა გვარ-სახელის გამო მოიფიქრებდა მმართველი პარტია ამგვარ მავნებლურ სქემას, მაგრამ, მე რომ ჯინჭარაძის ადგილზე ვიყო, ჩემ გამო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების და, რაც მთავარია, საკუთარი თანაქალაქელების წინაშე ძალიან შემრცხვებოდა და ასეთ დეპუტატობაზე საერთოდ უარს ვიტყოდი. მაგრამ მე მე ვარ, ჯინჭარაძე კი – ჯინჭარაძე, რომელიც, არავინ იცის, რომ არა მმართველი პარტიის მიერ გაწეული უზარმაზარი ძალისხმევა, ოდესმე თუ გახდებოდა საკრებულოს წევრი.

ბათუმში, როგორც ჩანს, საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებამდე საქმე აღარ მივა. კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის პერიოდად ბიურომ 24 მაისიდან 24 ივნისამდე პერიოდი განსაზღვრა. მაგრამ, ბატონებო, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ მომავალში, იმავე ბათუმის საკრებულოში, “ქართული ოცნების” რომელიმე მაჟორიტარ დეპუტატს, რაიმე მიზეზის გამო, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს და იმ ოლქში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვოს. მერე რას აკეთებთ? თუმცა, ოხანაშვილ-იონათამიშვილებს რა გამოგილევთ პარლამენტში, რამეს მოიფიქრებთ…

P.S. ინფორმაცია, რომ მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები მზადდებოდა, მედიაში პირველად 6 მაისს გაჩნდა. 7 მაისს მცირედით მეტი დეტალი ისევ მედიიდან გახდა ცნობილი, მაგრამ თავად კანონპროექტი არსად ჩანდა – ის ხელმისაწვდომი არ იყო არც პარლამენტის ვებგვერდზე, რომელზეც ყველა კანონპროექტი ქვეყნდება ხოლმე. 11 მაისს კი უცებ აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საიტზე 4 მაისს ატვირთულა (?).