ავტორი ეკატერინე ბასილაია
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან”დავით დარჩია ამ თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს, პირველად 2014 წელს, შემდეგ – 2017-ში და ახლა უკვე – 2021 წლის დეკემბერში. ამდენად, თავმჯდომარის 8-წლიანი სტაჟის მქონე დარჩიას ქონებრივი დეკლარაცია, 2014 წლიდან დღემდე, 8-ჯერ აქვს შევსებული.
ბოლო დეკლარაცია შევსებულია 2021 წლის დეკემბერში, როდესაც ჯერ ისევ მეორე ვადით არჩეული თავმჯდომარე იყო. დავით დარჩიას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, თუმცა, ბოლო დეკლარაციით, ოჯახის წევრად მითითებულია მხოლოდ მეუღლე. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე ფლობენ 7 უძრავ ქონებას, მათ შორის, დავით დარჩიას სახელზე გაფორმებულია 5 ქონება, მეუღლის სახელზე კი – 2. მოძრავი ქონება კი არცერთ მათგანს არ აქვს.
უფრო კონკრეტულად: დავით დარჩია ფლობს 2018 წელს 500 ლარად ნაყიდ 62 კვ.მ მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, აღმაშენებლის N78-ში; ამავე ქუჩის N89-ში 2010 წელს 2000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი 2424 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ხოლო 2006 წელს 4500 ლარად უყიდია ოზურგეთის სოფელი ნატანებში, 45 651 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
გარდა ამისა, დავით დარჩია ოზურგეთის სოფელ მერიაში ფლობს 2 მიწის ნაკვეთს. აქედან, 2493 კვ.მ მიწის ნაკვეთს სოფელ მერიაში (ნაღობილევში) 2018 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერაა აღიარებული. მეორე, 2501 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, 2006 წელს მიწის რეფორმით აქვს მიღებული.
მეუღლის, ნინო სიხარულიძის, სახელზეა გაფორმებული ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩაზე 2011 წელს 8 000 ლარად ნაყიდი 460 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც დგას ორსართულიანი სახლი 302.7 კვ.მ საერთო ფართით. ასევე მეუღლის სახელზეა გაფორმებული ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში, 2016 წელს 1400 ლარად ნაყიდი 38 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 23,87კვ.მ შენობა დგას.
დეკლარაციის შევსების დღეს დავით დარჩიას “ვი-თი-ბი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 413,53 ლარი აქვს. ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი – 1550 ლარი. ამ კრედიტის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია ბოლო დეკლარაციაში არ იძებნება.
საკრებულოს თავმჯდომარეს ვალების შესახებ მონაცემები წინა დეკლარაციების ნაწილშიც გამორჩენია. მაგალითად, 2017 წლის დეკლარაციით, “ვი-თი-ბი ბანკიდან” 2016 წელს 19900-ლარიანი სამომხმარებლო სესხი გამოუტანია 2020 წლამდე. 2018 წლის დეკლარაციაში ამ ვალის აღნიშვნა დავიწყებია. 2019 წლის დეკლარაციაში კი მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ დარჩიას “ვი-თი-ბი ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 2400 ლარის დავალიანება აქვს.
დარჩიას კრედიტი “თი-ბი-სი ბანკიდანაც” აქვს გამოტანილი. 2020 წლის დეკლარაციით ირკვევა, რომ დარჩიას 2018 წელს გამოუტანია 48000 აშშ დოლარის სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2028 წელს უნდა დაფაროს. ვალის დასაფარავად 2018-2019 წლებში 4270-4270 აშშ დოლარი გადაუხდია. ამ სესხის აღნიშვნა საკრებულოს თავმჯდომარეს 2021 წლის დეკლარაციაში რატომღაც გამოუტოვებია.
წინა წლების დეკლარაციების გადახედვით კი ირკვევა, რომ ასევე ბევრი ინფორმაციაა გამორჩენილ-გამოტოვებული უძრავი ქონების ნაწილშიც.
პირველ დეკლარაციაში, რომელიც 2014 წელსაა შევსებული, ოჯახის წევრებად, მეუღლის გარდა, მითითებულია დედა და 2 შვილი. დავით დარჩია ფლობს 11 უძრავ ქონებას, ბოლოს შევსებულ დეკლარაციასთან შედარებით, 5 ქონებით მეტს და ყველა ამ ქონების 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
მაგალითად, ოზურგეთში, აღმაშენებლის N91-ში ფლობდა 300 კვ.მ სახლსა და 32 კვ.მ ავტოფარეხს. აღსანიშნავია ის, რომ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე საცხოვრებელ მისამართად მითითებული აქვს აღმაშენებლის N91, ქონებრივ დეკლარაციაში კი ამ მისამართზე რაიმე სახის ქონება 2017 წლიდან არ ფიქსირდება და გაურკვეველია, სად წავიდა ეს ქონება;
რაც შეეხება სოფელ მერიაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, დავით დარჩია ბოლო დეკლარაციაში თუ 2 ნაკვეთს ფლობს, ჯამში 4994 კვ.მ ფართობით, 2014 წლის დეკლარაციით, 5 უძრავი ქონების მფლობელია, საიდანაც 2 მიწის ნაკვეთია, საერთო ფართობით 17355 კვ.მ-ის და სამი არასაცხოვრებელი ფართი – 119 კვ.მ, 60 კვ.მ და 330 კვ.მ ფართობებით;
2015 წლის დეკლარაციიდან დავით დარჩიას სოფელ მერიაში კიდევ ერთი – 2501 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ემატება, რომელზეც ბოლო დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2006 წელს მიწის რეფორმით მიიღო.
2017 წლის დეკლარაციაში უკვე ოჯახის წევრების სახელზე გაფორმებული ქონების შესახებაც ვიგებთ.
2017 წლიდან ყველა დეკლარაციაშია მითითებული ის, რომ მეუღლემ, ნინო სიხარულიძემ, 2016 წელს კურორტ ბახმაროსა და 2011 წელს ოზურგეთში, გამსახურდიას ქუჩაზე, იყიდა რამდენიმე უძრავი ქონება.
ასევე, აღნიშნულია, რომ შვილის, იოსებ დარჩიას სახელზეა გაფორმებული 2016 წელს თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე 30 000 აშშ დოლარად ნაყიდი 35, 68,2 კვ.მ ბინა.
2017 წლის დეკლარაციით კი, თავად დავით დარჩიას ქონება შემცირებულია და ასევე რამდენიმე ქონებაზე მონაცემები კორექტირებულია. მაგალითად, ის სოფელ მერიაში უკვე 5 უძრავ ქონებას კი არა, 3 ქონებას ფლობს, 1500 კვ.მ-ით ნაკლებ მიწის ნაკვეთს, და, ასევე, ორი არასაცხოვრებელი ფართიდან ფლობს მხოლოდ ერთს.
2018 წლის დეკლარაციით, დავით დარჩიას აღმაშენებლის N78-ში უყიდია 62 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი სახლი დგას. ასევე, სოფელ მერიაში 300 ლარად დამატებით უყიდია 2493 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
2019 წლიდან ოჯახის წევრად მხოლოდ მეუღლეა მითითებული. ამიტომაც შვილის ბინა დეკლარაციაში აღარ არის მითითებული, დანარჩენი ქონება კი შემდეგი წლების დეკლარაციებში უცვლელია.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობიდან მიღებულ შემოსავლებს.
დავით დარჩიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2020 წლის განმავლობაში 28 800 ლარის შემოსავალი მიუღია, 2019 წელს – 28 800 ლარი; 2018 წელს – 36 000 ლარი; 2017 წელს – 34450 ლარი; 2016 წელს – 34450 ლარი; 2015 წელს – 34450 ლარი; 2014 წელს – 14 042 ლარი.
2018 წლის დეკლარაციაში დავით დარჩიას ხელფასის გრაფაში 2016 წელს მიღებული ხელფასის მონაცემები დაუკოპირებია, ისე, რომ წლის შეცვლაც დავიწყებია და წერია, რომ “34450 ლარი მიიღო 2016 წელს”.
2014-2016 წლების დეკლარაციებში დარჩიას სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალიც აქვს აღნიშნული, თუმცა, შემდეგ დეკლარაციებში ეს გრაფა ცარიელია, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მიწის ნაკვეთებს ფლობს.
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე არ ფლობენ ავტომანქანას, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.