მოტოციკლი – ოზურგეთის მერის ერთადერთი ქონება – ავთანდილ თალაკვაძის დეკლარაციების ანალიზი

733

შემდეგი სტატია

ავტორი ეკატერინე ბასილაია

ავთანდილ თალაკვაძე “ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და ამდენად, 2014 წლიდან ქონებრივი დეკლარაციაც ყოველ წელს, ჯამში 9-ჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2022 წლის 31 მარტს ჩაუბარებია.

ოზურგეთის მერი 38 წლისაა, დაბადებულია ოზურგეთში, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. დეკლარაციის თანახმად, თავად ავთანდილ თალაკვაძე უძრავ ქონებას არ ფლობს, მოძრავი ქონებიდან კი მხოლოდ მოტოციკლი HD street bob ჰყავს, რომელიც 2018 წელს 4500 აშშ დოლარად უყიდია.

თბილისში მდებარე სახლი, რომელშიც წლებია, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მეუღლის სახელზეა გაფორმებული. მაკა შავგულიძეს თბილისში, სოფელ დიღომში, კაკაბაძის ქუჩაზე, 2017 წელს უყიდია 671 კვ.მ  მიწის ნაკვეთი, რომელზეც 253.85 კვ.მ საცხოვრებელი სახლი დგას და ამ ქონებაში გადაუხდია სულ რაღაც 52 821 ლარი (დეკლარაციაში წერია, 52 821.861 GEL). თუმცა, იქვე დაკონკრეტებულია, რომ აღნიშნული ქონება წარმოიშვა ორი მიწის გაერთიანების შედეგად: ნაწილი შეძენილია 2013 წელს 26 730 აშშ დოლარად, ხოლო მეორე ნაწილი შეძენილია 2015 წელს 8565 ლარად. წინა დეკლარაციების გადახედვით ასევე ირკვევა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა 2015 წლიდან დაიწყო.

ავთანდილ თალაკვაძე ბიზნესში ჩართული იყო საჯარო სამსახურში მოსვლამდე. 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის ფლობს 2009 წელს დაფუძნებულ ბიზნესს, შპს “მედიკალ საპორტ ენდ ტექნოლოჯის”, საიდანაც 2013 წელს შემოსავალი მიღებული არ აქვს. ეს შპს უკვე მომდევნო დეკლარაციებში აღარ ფიქსირდება. ბიზნესის რეესტრში ეს ბიზნესი აქტიურია, თუმცა, უკვე სხვა მეწილეები ჰყავს.

ამჟამად სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია მეუღლე. ის 50%-იან წილს ფლობს 2020 წელს თბილისში დაარსებულ შპს “იბერია კაპიტალში”, მეორე, 50% წილის მფლობელი არის ნათია ქინქლაძე. იქვე წერია, რომ შპს არ ფუნქციონირებს და გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. ბიზნესის რეესტრის მონაცემებით, ეს შპს აქტიურია და 50%-იანი წილის მფლობელი ოზურგეთის მერის მეუღლე ახლაცაა.

მაკა შავგულიძე ასევე არის ინდმეწარმე და გასულ წელს 51 783,5 ლარის შემოსავალი მიუღია.

დეკლარაციის შევსების დღეს თალაკვაძეს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 4713,84 ლარი აქვს, “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე – 731,27 ლარი.  მას “თი-ბი-სი ბანკში” 4 ანაბარიც აქვს გახსნილი: ერთზე 130 000 ლარი, მეორეზე – 3031,51 ლარი, მესამეზე – 100 ევრო და მეოთხეზე – 697 აშშ დოლარი უდევს.

მეუღლეს, მაკა შავგულიძეს, “თი-ბი-სი” ბანკის ანაბარზე 1800 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ორ ანგარიშზე ჯამში – 2840,7 ლარი.

თალაკვაძეს ანაბარი ორ შვილზეც აქვს გახსნილი, ერთი შვილის ანაბარზე  17 359,4 ლარი აქვს, მეორე შვილის ანაბარზე – 10 178,7 აშშ დოლარი. ამავე შვილის სახელზე “თი-ბი-სი ბანკის” დეპოზიტზე 2494,2 ლარი აქვს.

თალაკვაძე და მისი მეუღლე ასევე ფლობენ დანაზოგს. ავთანდილ თალაკვაძეს 1500 აშშ დოლარის დანაზოგი აქვს, ხოლო მაკა შავგულიძეს – 24 000 ლარის.

ავთანდილ თალაკვაძეს 2015 წელს ორი იპოთეკური სესხი აუღია. პირველია 90 000 აშშ დოლარის, რომელიც 2030 წელს უნდა დაფაროს და ამ სესხში გასულ წელს 9973,27 აშშ დოლარი გადაუხდია. მეორე სესხი კი 10 000 აშშ დოლარისაა, რომელიც 2025 წელს უნდა დაფაროს და მასში გასულ წელს 1404,94 აშშ დოლარი გადაუხდია.

2021 წლის 21 ნოემბრიდან თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და თვენახევარში 3101,14 ლარის ანაზღაურება მიუღია. მერად არჩევამდე, ის ჯერ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კონსულტანტი იყო და 2021 წლის ერთ თვეში 6 153,06 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. შემდეგ ის შპს “სმარტ კაპიტალ გრუპში” უძრავი ქონების განვითარების პროექტების კოორდინატორი იყო და მარტიდან 20 ნოემბრამდე 87 664,56 ლარის შემოსავალი მიუღია.

ავთანდილ თალაკვაძეს პირველი დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, როცა ის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

2014 წელს თალაკვაძეს ჰყავდა ავტომანქანა Jeep Grand Cherokee Laredo, რომელიც 2015 წელს 9200 აშშ დოლარად გაუყიდია. სანაცვლოდ იყიდა Volkswagen Passat CC 2010, რომელიც 2018 წელს 7000 აშშ დოლარად გაასხვისა.

2014 წლის 17 დეკემბერს ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორად დაინიშნა. 2014 წელს დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან 51 652.17 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; დირექტორის თანამდებობიდან კი, 2 კვირაში, 6 443.48 ლარის შემოსავალი მიუღია.

2015 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრამდე თალაკვაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის დირექტორი იყო და ამ 5 წლის განმავლობაში ამ თანამდებობიდან ჯამში 424 737 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2015 წელს – 54 250 ლარი; 2016 წელს – 54 750 ლარი; 2017 წელს –  89 785,03 ლარი; 2018 წელს – 68 750 ლარი; 2019 – 76 900 ლარი; 2020 წელს – 80 300 ლარი;

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ოზურგეთის მერი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ღირებულების საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ასახულიყო.