ბათუმის მერიამ 4 ავარიული სახლის დემონტაჟზე ტენდერი გამოაცხადა

505

ოთხი ავარიული სახლის დემონტაჟისა და ახალი კორპუსების მშენებლობისთვის ბათუმის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სატენდერო პირობების მიხედვით გიორგი კვინიტაძის ქუჩის N1, N3 და N11-ში, ასევე, გრიშაშვილის N9-ში ავარიული სახლების დემონტაჟი და ახალი სახლების მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოები კი გამარჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ოთხივე კორპუსის მშენებლობისთვის, დაახლოებით, 14 მილიონამდე დაიხარჯება.

მშენებლობის დასრულებამდე კი ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს ბათუმის მერია დროებით უსაფრთხო ადგილას ქირით გაიყვანს.