ლაცაბიძე: ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება

342

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღეს ახალი პროექტის განხორციელება დავიწყეთ და ძალიან მალე, რუსთაველი ხელოვანი ადამიანებისთვის თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე შეიქმნება, სადაც ისინი საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განვითარება ისევ პრიორიტეტად რჩება. მე მიხარია, რომ ეს პროექტი უფრო მეტი სახელოვნებო მიმართულებით იქნება დატვირთული“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული საგამოფენო სტენდები დამონტაჟდება. სკვერის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტი იქნება, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით კი ვიდეო კამერები დამონტაჟდება.

„ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სკვერი შეემატება. ეს იქნება საგამოფენო სკვერი, სადაც სპეციალური სტენდები განთავსდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ფილაქანი მოეწყობა. ტერიტორია გაზონებით გამწვანებული იქნება, სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, სკვერში დასასვენებელი სკამები და ინტერნეტი იქნება“, – განაცხადა რუსთავის მთავარმა არქიტექტორმა, კობა ძლიერიშვილმა.

საგამოფენო სივრცისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „სამება“ ახორციელებს.

„პროექტის ღირებულება 334 439 ლარს შეადგენს, სამუშაოების დასრულების ვადა 120 კალენდარული დღეა. ძირითადი აქცენტი თანამედროვე საგამოფენო სივრცის მოწყობაზე გაკეთდება, სადაც ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები გამოიფინება“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.