როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში

676

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – აბისი – სექტემბერი; აგარა – სექტემბერი; ავლევი – ნოემბერი; ფცა – ნოემბერი; მოხისი – ნოემბერი; დირბი – ნოემბერი; დვანი – ნოემბერი.

2023 წელი –ქარელი – იანვარი; ზემო ხვედურეთი – მარტი; ბრეძა – ივნისი; ბებნისი – ოქტომბერი; რუისი – ოქტომბერი; ურბნისი – ოქტომბერი.

2024 წელი – ახალსოფელი – აპრილი; კეხიჯვარი – აპრილი; ზღუდერი – ოქტომბერი; ბრეთი – ოქტომბერი; გიგანტი – ოქტომბერი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.