თელავში, თამარის ქუჩაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: რუისპირსა და ართანაში ხელოვნურსაფარიანი მინიმოედნების მოწყობა სრულდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 000 ლარით დაფინანსდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, სპორტული ცხოვრების განვითარება და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ახალგაზრდებს უნდა შევუქმნათ რაც შეიძლება მეტი სპორტული სივრცე, რათა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების მოწყობა სამ ლოკაციაზე სრულდება. თუმცა, სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
მოედნების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “პარამეტრი” ახორციელებს.