ავტორი: რუსა მაჩაიძე
იმ ფონზე, როცა, რეორგანიზაციის მოტივით, ოზურგეთის მერიიდან 35 თანამშრომელი გაუშვეს, მუნიციპალიტეტის მერმა საკუთარი ხელფასი 65%-ით გაზარდა, მერის პირველი მოადგილის – 48%-ზე ცოტა მეტით, ხოლო მოადგილის – თითქმის 47%-ით. მერიაში დასაქმებულ ყველა დანარჩენ საჯარო მოხელეთა ხელფასებმა კი მხოლოდ 10%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ, მერის წარმომადგენელთა ხელფასებს, მან თითქმის 55%-ით, ხოლო წარმომადგენლის თანაშემწეების – თითქმის 31%-ით მოიმატა.
ეს არის ხელფასების ზრდის პროცენტურილი მაჩვენებლი, რომელიც, ცხადია, თუ მათ სასტარტო ხერლფასებს გავითვალისწინებთ, თანხობრივად, თანამდებობის პირებისთვის უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ხოლო რიგითი თანამშრომლებისთვის – არაფრისმომცემად. მაგალითად, მერს თვეში 1950 ლარი დაემატა, ყველაზე დაბალი რანგის თანამშრომელს კი – თვეში მხოლოდ 65 ლარი. ხელფასების ზრდა კონკრეტულად ასეთია:
მუნიციპალიტეტის მერი 2021 წელს თანამდებობრივი სარგოს სახით თვეში 3 000 ლარს იღებდა, 2022 წლის 1 ივნისიდან კი 4 950 ლარს მიიღებს;
მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2 600 ლარიდან 3 850 ლარი გახდება;
მერის მოადგილე, 2 400 ლარის ნაცვლად, 3 520 ლარს მიიღებს;
I რანგის მოხელის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარიდან 2 200 ლარამდე გაიზრდება;
II რანგის მოხელე, 1 400 ლარის ნაცვლად, 1 540 ლარს მიიღებს;
III რანგის პირველი კატეგორიის მოხელეს ხელფასი 1 100 ლარი ჰქონდა, ახლა კი 1 210 ლარს მიიღებს;
III რანგის მეორე კატეგორიის მოხელეს ხელფასი 1 000 ლარიდან 1 100 ლარამდე გაეზარდა;
III რანგის მესამე კატეგორიის მოხელე, 900 ლარის ნაცვლად, 990 ლარს მიიღებს;
IV რანგის პირველი კატეგორიის მოხელე – 800 ლარის ნაცვლად, 880 ლარს;
IV რანგის მეორე კატეგორიის მოხელის ხელფასი 750 ლარი იყო, 1 ივნისიდან კი 825 ლარი გახდება;
IV რანგის მესამე კატეგორიის მოხელე აქამდე 650 ლარს იღებდა, მისი ხელფასი 715 ლარამდე გაიზრდება.
ხელფასების ზრდა შეეხო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულებსაც. ესენი კი მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები არიან.
მერის წარმომადგენლების (რომელთა ხელფასის ზრდის პროცენტული მაჩვენებელიც მხოლოდ მერისას ჩამორჩება) თანამდებობრივი სარგო 1 100 ლარს შეადგენდა. ახლა კი ისინი 1 700 ლარს მიიღებენ. რაც შეეხება მერის წარმომადგენელთა თანაშემწეებს, მათი ხელფასი 650 ლარიდან 850 ლარამდე გაიზრდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილება ოზრუგეთის მუნიციპალიტეტმა 29 პარილს მიიღო და ის საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.