თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე მხარი დაუჭირა წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულების პროექტებს, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენისა და ავტობუსების მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვეა, რაც მუნიციპალური ავტობუსების ტარიფის დადგენისა და მარშრიტების განსაზღვრის მიზნით საკრებულო მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად მუშაობს და აქტიური განხილვა მიმდინარეობს კომისიებში, ეს საკითხები კვლავ საჭიროებს დამატებით კიდევ უფრო სიღრმისეულ ანალიზს და კომპეტენტური, დარგის სპეციალისტების აზრის მოსმენას. ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომ მგზავრობის ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ განვსაზღვრავთ, ერთი მხრივ, არ უნდა დააწვეს ჩვენს მოსახლეობას და მეორე მხრივ მოსახლეობისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი მუნიციპალური სერვისის ეფექტურად და ხარისხიანად მიწოდება“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილმა.
გარდა ამისა, გაგრძელდა წარმომადგენლობითი ორგანოს განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობისა და მათი მართვის წესის დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ვადა. დადგენილების პროექტის განსახილველად საკრებულოს კომისიებს ვადა 20 მაისამდე ექნებათ, ხოლო წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად 1 ივნისამდე წარედგინება.