ქუთაისში, მუხრანის ტყე-პარკის რეაბილიტაცია იწყება. ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინფორმაციით, მუხრანის ტყის სარეაბილიტაციო პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად მომზადდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
“უკვე შევხვდით ჩეხ პარტნიორებს, პროექტი მზად არის, მალე ხელშეკრულება გაფორმდება და სამი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად ჩეხური კომპანია იმუშავებს”, – ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.
მუხრანის ტყე რამდენიმე თვეა შემოღობილია, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიაზე დამცავი ღობე ხეების გადარჩენის მიზნით გაავლეს.
მუხნარის ტყეში, გადაღობილი ტერიტორიების იქით, მოსახლეობას შესვლა არ ეკრძალება, თუმცა, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით – ის, რაც არ დააზიანებს ბუნებას და ახალდარგულ ნარგავებს.
მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან დააზარალა ტყე.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, მუხნარის ტყეში სანიტარული და აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს მომზადდა 2 პროექტი 20,3 ჰა ფართობზე სამუშაოების ჩასატარებლად. მოჭრეს ხმელი და ხმობადი ხეები სანიტარული ჭრის წესის შესაბამისად, ასევე ჩატარდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.